თბილისი (GBC) – სამედიცინო, კონკრეტულად კი სტომატოლოგიური ტურიზმი, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანები სტომატოლოგიური სერვისების მისაღებად მიემგზავრებიან სხვა ქვეყანაში, რათა მიიღონ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურება. ზოგიერთ ქვეყანაში (აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და სხვ.) სტომატოლოგიური მომსახურება ძალიან ძვირია, გარდა ამისა, პაციენტებს მკურნალობის დასაწყებად ლოდინი უწევთ თვეების განმავლობაში, ამიტომ ირჩევენ სტომატოლოგიურ ტურიზმს პრინციპით „დაისვენე და იმკურნალე“.
ბოლო წლებში საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად იქცა სამედიცინო ტურიზმის სფეროში. განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა სტომატოლოგიურ სერვისებზე, სადაც ქვეყანა პროფესიონალიზმს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს უცხოელ პაციენტებს. სწორედ ამ მიზნით, სულ უფრო მეტი უცხოელი ირჩევს საქართველოს ამათუ იმ სტომატოლოგიური სერვისის მისაღებად.
საქართველოში მნიშვნელოვნად გამკაცრდა ბოლო წლებში სამედიცინო რეგულაციები, კლინიკები ხშირად გადიან სერტიფიცირებას, რაც პაციენტებისთვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ჩვენს ქვეყანაში არსებული სტომატოლოგიური კლინიკიდან ერთ-ერთია „ელიტი“, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აერთიანებს პაკეტს – ტრანსფერი, სასტუმრო, კონსულტაცია და მკურნალობა. ორგანიზაცია Global Healthcare Accreditation–ის (GHA) მიხედვით, 2017 წელს საქართველოში 1500 ადამიანი ჩამოვიდა უცხოეთიდან, 2017-2019 წლებში ათობით ათასი ვიზიტი დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან. კოვიდ პანდემიის დროს, უცხოეთიდან ვიზიტები შემცირდა, თუმცა, პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ გაიზარდა 40%-ით, წელიწადში 3000-დან 5000-მდე და მეტი. ამის მიზეზებია: კლინიკების ხარისხის გაუმჯობესება, ფასების კონკურენტულობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა. საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად ჩამოდიან აზერბაიჯანიდან (30%), სომხეთიდან (6%), რუსეთიდან (33%), ასევე შედარებით შორი ქვეყნებიდან: ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან (31%).
საქართველოში სტომატოლოგიური ტურიზმის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე ექიმ-სტომატოლოგს, სამედიცინო კოლეჯ “პანაცეას” პროფესორს ნინო ჩომახაშვილს ვესაუბრეთ.
– როგორ შეაფასებთ საქართველოში სტომატოლოგიური ტურიზმის განვითარებას, პირობითად, ბოლო 5 წლის ჭრილში და რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან უმეტესად ამ სერვისის მისაღებად?
– ბოლო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში მოთხოვნა სტომატოლოგიური სერვისების მისაღებად მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი პაციენტების მხრიდან, რაც განპირობებულია მომსახურების მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით. ბოლო წლებში ბევრი კლინიკა გაიხსნა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, რომელიც უცხოელ პაციენტებს სხვა და სხვა ტიპის მომსახურებებს სთავაზობს. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ესთეტიკურ მომსახურებაზე – მაგალითად კბილების გათეთრება, ვინირება. ასეთი სერვისები სადაზღვევო პაკეტებში, როგორც წესი, არ შედის, დაზღვევა არ აფინანსებს და მათ ქვეყანაში კოლოსალური თანხები ჯდება. პაციენტები გვყავს როგორც ამერიკიდან, აზიიდან, ასევე ევროპული ქვეყნებიდანაც.
– როგორია სტომატოლოგიური სერვისების ფასები თბილისსა და ევროპულ ქვეყნებში?
– სტომატოლოგიური კლინიკების ფასები თბილისსა და ევროპულ ქვეყნებში საკმაოდ განსხვავდება, საუბარი ზედმეტია აშშ-ის ფასებზე, სადაც სამედიცინო მომსახურება კოლოსალური თანხები ჯდება.
შევადაროთ მაგალითად საქართველოს და გერმანიის ფასები: თბილისი: კონსულტაცია 40-100 ლ, პროფესიონალური წმენდა 80-150 ლ , კბილების გათეთრება 400-800 ლ, კარიესის მკურნალობა 210 ლარიდან , კბილის ექსტრაქცია 30-650 ლ, დენტალური იმპლანტაცია 1 300 – 2 500 ლ, გვირგვინი+ვინირი 400-850 ლარი, ბრეკეტ-სისტემა 1 500 – 5 000 ლ.
რაც შეეხება ევროპული ქვეყნების ფასებს : კონსულტაცია 100-150 € პროფესიონალური წმენდა 80-150 € , კბილის ექსტრაქცია 200-600 € , კბილების გათეთრება 300-600 € , გვირგვინი+ვინირი 750-1 500 € , დენტალური იმპლანტაცია 2 000 – 2 500 € , ბრეკეტ-სისტემა 4 500 -8 000 €
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით დაბალი ფასი არ ნიშნავს დაბალ ხარისხს. უცხოელი პაციენტებისათვის მიმზიდველია ფასების ხელმისაწვდომობა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. საქართველოს კლინიკებში მკურნალობისთვის გამოიყენება თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან (3 D დიაგნოსტიკა, ციფრული მოდელირება, ლაზერული მკურნალობა). ექიმებს აქვთ დამატებითი სწავლების გამოცდილება საზღვარგარეთ (ევროპა, ისრაელი, აშშ).
– კიდევ რით იზიდავს ქართული სტომატოლოგია უცხოურ პაციენტებს და თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ მეტი უცხოელი პაციენტი მოიზიდოს საქართველომ?
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების მაღალი ხარისხია, სტომატოლოგიური კლინიკები საერთაშორისო დონეზე ნაკლებად ცნობადია, არ არსებობს ერთიანი, ძლიერ ორგანიზებული ეროვნული სტრატეგია სტომატოლოგიური ტურიზმისათვის, საჭიროა კომუნიკაცია, რომ კლინიკები მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტებით და გარანტიებით, საჭიროა უფრო ფართოდ იცოდნენ საქართველოს შესახებ საქართველო = ხარისხიანი სტომატოლოგია + ულამაზესი გარემო + კარგი ფასები. ასევე მნიშვნელოვანია პაკეტის უკეთესი ორგანიზება (ტრანსფერი, სასტუმრო, ტურისტული ელემენტები) მკურნალობა + დასვენება კომპლექსურად უფრო მიმზიდველია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ უფრო განვითარდება: ერთიანი პაკეტები (სტომატოლოგია + სპა/რესორტი + ტურისტული ექსკურსია).
სასურველია კლინიკებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა ერთად იმუშაონ, რომ შექმნან „სტომატოლოგიური ტურიზმის პაკეტი“. ასევე საჭირო და მნიშვნელოვანია საერთაშორისო მარკეტინგი: პოპულარიზაცია ისეთ ქვეყნებში, საიდანაც პოტენციური პაციენტები მოდიან (ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა). წახალისება ონლაინ პლატფორმებით, სოციალური მედია, პაციენტთა მიმოხილვები, რეალური ფოტოები, კლინიკების პროფილები.
ონლაინ მომსახურებები: ონლაინ კონსულტაციები, კონსულტაციების ვიდეო ჩანაწერები, მკურნალობის გრაფიკების მოქნილობა.
ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა: სტიმულირება, სუბსიდიები, ინვესტიციების მოზიდვა, ერთიანი პლატფორმის შექმნა უცხოელი პაციენტების მიმართულებით. შეიქმნას ეროვნული პლატფორმა სტომატოლოგიური ტურიზმისათვის — ვებსაიტი/პლატფორმა, სადაც განთავსებული იქნება საქართველოს ყველა სერტიფიცირებული სტომატოლოგიური კლინიკა, ფასები, მომსახურების პაკეტები, რეალური ფოტო/ვიდეო მიმოხილვები, უცხოელი პაციენტების მომსახურების სტანდარტები.
– რა ტიპის სტომატოლოგიურ პროცედურებზე მოგმართავენ ძირითადად უცხოელი პაციენტები? უფრო რთულ კლინიკურ შემთხვევებზე ჩამოდიან თუ ესთეტიკური ჩარევებისთვის?
– საქართველოში არის სტომატოლოგიური მომსახურეობის 2 ტიპი:
1. სტანდარტული პაკეტი: პროფილაქტიკა, კონსულტაციები, ღრძილების მკურნალობა, დაბჟენა, ქვის მოცილება – დაბალი ფასი.
2. პრემიუმ პაკეტი: პროფილაქტიკა, კონსულტაციები, ღრძილების მკურნალობა, დაბჟენა, ქვის მოცილება, რენტგენი, გართულებული ბჟენი, გინგივიტის მკურნალობა, ზოგჯერ ხელოვნური გვირგვინი, ტკივილის მოხსნა, ნარკოზი – საშუალო და მაღალი ფასი.
მზღვეველები ს მიერ იმპლანტის არდაფარვის მიზეზი ეკონომიკურია, მისი ფასი – ოპერაცია + მასალა + გვირგვინი 2000-3000 ლარს აღემატება, სადაზღვევო კომპანიებისათვის დაფარვა ძალიან ძვირი გამოდის. დაზღვევა, როგორც წესი, ფარავს გადაუდებელ საჭიროებებს, ხოლო იმპლანტაცია განიხილება, როგორც ესთეტიკური არჩევითი ჩარევა.
სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტს შესაძლებელია დაემატოს: რთული ექსტრაქციები: მაგ მე-8 კბილის პაროდონტოლოგიური მკურნალობა, კბილების გათეთრება, ვინირება, ორთოდონტია (ბრეკეტები, კაპები) უცხოელი ტურისტები ძირითადად მიმართავენ ხოლმე იმპლანტოლოგიას და ესთეტიკურ სტომატოლოგიას. უცხოელ პარტნიორებთან (კლინიკებთან) არ ვთანამშრომლობ.
საქსტატის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებს შორის 5 203 შემთხვევა სწორედ სამედიცინო სერვისის მისაღებად განხორციელდა უცხოელი მოგზაურების მხრიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, (jandacva.ge) 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 2 136 -ს შეადგენდა, ამავე პერიოდს თუ შევადარებთ, რიცხვი 2,4 ჯერაა გაზრდილი, შესაბამისად, საქართველო აერთიანებს პროფესიონალიზმს, ხელმისაწვდომ ფასებსა და უნიკალურ ტურისტულ გამოცდილებას.
ბევრი უცხოელი პაციენტისთვის საქართველო არა მხოლოდ, ლამაზი ღიმილის, არამედ სხვა კულტურის გაცნობის ახალი კერაა.
ავტორი: ანნა კარდენახიშვილი,
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი, პრაქტიკანტი.
წყარო




