საქართველო სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) ევროპის სექციის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული გახდა. ასეთი პატივი აღმოსავლეთ ევროპისა და ჩვენი რეგიონის არც ერთ ქვეყანას ჯერ არ რგებია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.
გადაწყვეტილება ICD-ის ცენტრალურმა ოფისმა 2023 წლის ნოემბერში სეულში (კორეა) ჩატარებულ საერთაშორისო საბჭოზე მიიღო და დასამტკიცებლად, ევროპის სექციის საბჭოს გადასცა, რომლის სხდომა 2023 წლის 2 დეკემბერს ვენაში (ავსტრია) შედგა.
ცნობისათვის: ICD-ის, სტომატოლოგთა ამ ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციის, შემადგენლობაში მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყანა 15 სექციადაა გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე მრავალქვეყნიანი, V, ევროპის სექციაა. ევროპის სექციაში 34 ქვეყანა 15 დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად, სექტორადაა (დისტრიქტად) წარმოდგენილი. საქართველო მე-15 სექტორში (ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპა) პოლონეთთან, ბულგარეთთან, ლიეტუვას, ლატვიასთან, ესტონეთთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად შედიოდა.
ევროპის სექციაში დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულებად ჯერ კიდევ არა არის გამოყოფილი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა; დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ბელგია, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და სხვა.
2023 წლის 2 დეკემბერს ევროპის სექციის საბჭოს სხდომამ განიხილა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ცენტრალური საბჭოს წინადადება და ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად, მე-16 სექტორად (დისტრიქტად) გამოყოფას. ამავე საბჭომ ახლად ფორმირებული დისტრიქტის ხელმძღვანელად, რეგენტად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი მარინა მამალაძე აირჩია, რომელიც ამ ორგანიზაციის პირველი და ერთადერთი წევრი საქართველოდან 2013 წელს გახდა, 2020 წელს კი, მე-15 დისტრიქტის ვიცე-რეგენტად დაინიშნა.
საბჭოს თავმჯდომარემ, ICD ევროპის სექციის ვიცე-პრეზიდენტმა, რეგისტრარმა, პროფესორმა მაურო ლაბანკამ პროფესორ მარინა მამალაძეს და მის ქვეყანას, ICD-ის ევროპულ ოჯახში ახალი, მე-16 სექტორის ჩამოყალიბება მიულოცა და სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის დროშა და რეგენტის მანტია საზეიმოდ გადასცა.
პროფესორმა მარინა მამალაძემ საბჭოს დიდი მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ: „ICD-ის ქართული გუნდი, რომელიც დღეს ძირითადად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებითაა წარმოდგენილი, გაიზრდება, მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ახალი წევრებიც შემოურთდებიან და ჩვენი საერთო აქტივობა სტომატოლოგიის საკეთილდღეოდ, კიდევ უფრო შესამჩნევს გახდის საქართველოს სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციაში”.