საქართველო-სომხეთის დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება – საზმაუს პასუხი

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება. ფორმულასთან საუბრისას არხის მედიის ბლოკის ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს თურქულ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს UEFA-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღნიშნული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს.
“არათუ საქართველო-სომხეთის მატჩს, არამედ საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს ვიღებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური რესურსით. ეს არის თურქული კომპანია, ვინაიდან შესაბამისი “პეტეეს” საქართველოს არ გააჩნია, რომელიც UEFA-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს, ყოველ ჯერზე ჩამოგვყავს თურქული კომპანია, რომელთანაც მრავალწლიანი კონტრაქტი არსებობს. ეს თურქული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს, ან არ ქირაობა კახა მელიქიძეს. შესაბამისად, მათ უნდა მიმართოთ, ამჯერად რატომ არ იქირავეს მათ კახა მელიქიძე”, – ამბობს ის.