საქართველო სომხეთთან ფავორიტია, მაგრამ უხერხული მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება – რა სიახლეებს ველით შემადგენლობაში…

მართალია, კლუბების ხელმძღვანელებს დიდად არ უყვართ, მაგრამ სანაკრებო პაუზა განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის თამაშის ხილვა კვლავ შეგვიძლია. მარტის ლოკალური მიზანი “ბ” დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, რისთვისაც პრინციპულ და საკმაოდ უხერხულ (მათთან ოფიციალური მატჩი არ მოგვიგია) მეტოქეს, სომხეთის ნაკრებს სტუმრად და შინ დავუპირისპირდებით.
წარმოვიდგინოთ, ნეიტრალური მიმომხილველი ვართ და მხოლოდ ბოლო უქმეების მიხედვით მომავალი მოწინააღმდეგეების შანსები უნდა შევაფასოთ. აქ ძალიან დიდ განსხვავებას აღმოვაჩენთ, ქართველმა ლეგიონერებმა უბრალოდ შესანიშნავად ითამაშეს. ამის შემყურე სომხეთის ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივრებს საფიქრალი ნამდვილად
მიეცათ, მაგრამ ფეხბურთს თუ რამე არ უხდება, მეტოქის დაუფასებლობაა. თანაც, საქართველოს ნაკრები ბოლოს გადაჩვეულია ისეთ შეხვედრებს, სადაც ფავორიტად მიიჩნევა და ინიციატივის სრულად აღება სჭირდება. ვსაუბრობთ ჩვენებურების კარგ ფორმაზე, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არაა, პირველ შეხვედრაში ლიდერი კვარაცხელიას დანაკლისი და კაპიტანი კაშიას არყოფნაში ტაქტიკის ახლებურად დალაგება კი გარკვეულ სირთულეებს აუცილებლად შექმნის. მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ მომავალზე ფიქრობს, რაც ექსპერიმენტებსაც უნდა გულისხმობდეს.
მთავარი სიახლე დაცვას დაუკავშირდება. პრესკონფერენციით რა განცდაც დაგვრჩა, ფრანგი სპეციალისტი 4-მცველიან განლაგებას მიმართავს. რა იქნება ამ შემთხვევაში? მარჯვნივ ოთარ კაკაბაძე უნდა ვიხილოთ. ბოლო მატჩებში გუნდში მას საუკეთესო შეფასებები ნამდვილად არ აქვს და იმედია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში წარმატებული იქნება. რაც ნამდვილად ვიცით, საბა გოგლიჩიძე, იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში რომ არ ყოფილა, სასტარტოში იქნება. პრსკონფერენციაზე ვილი სანიოლი დაგვეთანხმა, რომ საბა სამცველიან ტაქტიკაში მარჯვნივ ყველაზე წარმატებულია, თუმცა გვითხრა, რომ შეგირდის თავდაჯერებულობის სწამს. ლოგიკურად, გოგლიჩიძეს ლაშა დვალი უნდა შეუწყვილდეს, რომელიც ბოლო დროს ცოტას თამაშობს. ამ გადასახედიდან, მარცხენა ფრთაზე ლუკა ლოჩოშვილის თამაში კვლავ მოსალოდნელია.
დავუშვათ, სანიოლმა ისევ 3-მცველიანი სქემით გამოსვლა გადაწყვიტა. ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ისაა, რომ ბოლოს ჩეხეთში წაგებულ შეხვედრაში გოლი მაშინ გავიტანეთ, როცა მარჯვნიდან კაკაბაძე-გოჩოლეიშვილი გააქტიურდნენ. თანაც, “გოჩო” ნაკრებში კარგ ხასიათზე მოდის, ბოლო ტურში გაიტანა. კიდევ ერთი მიზეზი გუნდში ირაკლი აზაროვის დაბრუნებაა, რომელსაც სანიოლი დაცვით უნარებს უწუნებს. ისე კი, “შახტარში” ის სწორედ ოთხმცველიან ტაქტიკაში თამაშობს.
რაც შეეხება “კვარას” არყოფნაში შეტევის ახლებურად დალაგებას, თანაც თუკი 4 უკანახაზელს ვნახავთ. ზურიკო დავითაშვილი (ბოლო მატჩში საგოლე პასი ჰქონდა) რომ სასტარტოში იქნება, ეს მარტივი გამოსაცნობია. საინტერესოა, ერევანში ჩასატარებელ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე ნახევარმცველის ფუნქციებს შეასრულებს თუ უფრო კვარაცხელიას სამოძრაო არეალში იმოქმედებს. ნახევარდაცვაში კონკურენციის თვალსაზრისით, ანზორ მექვაბიშვილის კარგი სათამაშო ფორმის დაბრუნებაც აღსანიშნავია. ნაკრებს ის გოლით შეუერთდა. ბოლო ორ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი ჰქონდა გიორგი ქოჩორაშვილს.
ნაკრებში გოლით მოდის უახლოეს დაპირისპირებაში (და სამომავლოდ) ჩვენი კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი. სომხეთის ნაკრების ნიდერლანდელი მწვრთნელი, რომელმაც გიორგი მიქაუტაძეს “აიაქსში” შანსი არ მისცა, “ლიონში” მის ბოლო შეხვედრას და შთამბეჭდავ გამოსვლას აუცილებლად ნახავდა. ამასობაში, ახალ გუნდში ბუდუ ზივზივაძე შედეგიანად ათამაშდა. ის დროს აუცილებლად მიიღებს…
სომხეთის ნაკრებთან სტუმრად ხუთშაბათს, 20 მარტს (21:00 სთ) ვითამაშებთ (განმეორებითი თბილისში, 23 მარტს, 18:00 სთ-ზე). ასე რომ, იქამდე საკმაო დროა, ვილი სანიოლი უშუალოდ დაკვირვების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ მდგომარეობით კი ასეთ სავარაუდო შემადგენლობას უნდა ველოდოთ:
(4-3-1-2) მამარდაშვილი – კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი (ან ლოჩოშვილი), აზაროვი – ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი – ჩაკვეტაძე – დავითაშვილი, მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, ), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, ), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).