საქართველო საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ბიზნეს შეხვედრების კუთხით – შოთა ბურჯანაძე

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის კონკრეტული და დროში გაწერილი გეგმის შედგენა აუცილებელია. მისივე თქმით, დადებითი მოვლენაა, რომ წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელია, თუმცა მსგავსი ღონისძიებები ზოგადად სფეროს განვითარებაზე მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედებს, თუ ამ კუთხით სწორი პოლიტიკა არ გატარდება.
,,ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის გარკვეული სამოქმედო გეგმის შედგენა უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ეს ღონისძიებები ბონუსი და ბენეფიტია და არა ძირითადი წყარო. ის ფაქტორი, რომ ტურიზმის სფეროში უმაღლესი ხელმძღვანელი ქართველია, ზუსტად ამ გარკვეულ ბონუსის შემქმნელია. გეგმის გარეშე თუ როგორ განვავითაროთ, რომელი ქვეყნებიდან უნდა დავიწყოთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა განვითარდეს ტურისტების მიზიდულობის შესაძლებლობა თუ ასე შემდეგ – ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი უნდა იყოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსურად, რაღაც წერტილოვანი განვითარებით ეს წინსვლა დროში გაწელილი თემა გახდება.
ის, რაც ჩვენ ოცდაათი წლის წინ დავიწყეთ და განვითარდა, კიდევ ოცდაათი წელიწადი გაგრძელდება და თუ ეს ასე მოხდა, იქნება ძალიან მტკივნეული ამდენი დროის დახარჯვა.
შესაბამისად, ამისთვის საჭირო არის გარკვეული გეგმის შედგენა – ხუთი წლის განმავლობაში როგორ ვმოქმედებთ, შემდეგი ხუთი წელი როგორ ვმოქმედებთ, რომელ ქვეყნებთან გვექნება ურთიერთობა, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი და ა.შ.
წერტილოვნად ასეთი ღონისძიებები მთლიანად სფეროს განვითარების შესაძლებლობა ვერ იქნება, ეს მცირედი ნაწილია და აუცილებელი ნაწილია, რომელსაც მივესალმები“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ.
სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კულტურულ ან სათავგადასავლო ტურიზმზე ზრუნვა, არამედ ისიც, რომ საქართველო რეგიონში ბიზნეს შეხვედრების ჰაბი გახდეს და ადგილობრივი მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი.
,,ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ჰაბს სხვადასხვა მიმართულებით, გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, თავად ქვეყნის განწყობა, მისი ტოლერანტობა, დამოკიდებულება საკითხებთან, ქმნის ამის შესაძლებლობას.
იშვიათად მინახავს ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ჩამოსულიყვნენ და ქვეყანა, ხალხი და განწყობა არ მოსწონებოდათ. რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ ძალიან იშვიათია. ჩვენი ქვეყანა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კანონმდებლობიდან გამომდინარე, რეგიონული ჰაბია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ მოცემულობას, რომ საქართველო საინტერესო იყოს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ბიზნეს შეხვედრების კუთხით. ის, რასაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თურქეთი იქნება ეს თუ აზერბაიჯანი, ამბიციაა, რომ ჰქონდეთ ამ მიმართულებით მთავარი როლი, ჩვენ უნდა შევძლოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ასეთი გარემო. ჩვენი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან, ვგულისხმობ მეგობრულ დამოკიდებულებას, შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანამ გამოიყენოს.
თუნდაც მცირედი ნაწილი რომ აღვნიშნოთ, ის, რაც დღეისთვის ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, საქართველოს ყოველთვის შეუძლია მათი შუამავალი იყოს“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი