საქართველო საარჩევნო ავტოკრატია გახდა – V-Dem

V-Dem-ის (Varieties of Democracy)-ის დემოკრატიის ანგარიშის თანახმად, საქართველო საარჩევნო ავტოკრატია გახდა.
V-Dem-ის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოსთან ერთად საარჩევნო ავტოკრატიად იქცნენ ინდონეზია და სალვადორის რესპუბლიკა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდონეზიაში დემოკრატია ჩამოიშალა 2024 წელს, ს „რეკორდულ წელს“… 2024 წლის საარჩევნო წელს საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე დიდი წლიური ვარდნა ჰქონდა, რამაც ის საარჩევნო ავტოკრატიად აქცია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
V-Dem-ის თანახმად, ახლა საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მოსახლეობის იმ 65%-ს შეუერთდა, რომლებიც საარჩევნო ავტოკრატიებში ცხოვრობენ. ასეთია უნგრეთი, და სერბეთი.
V-Dem-ის შეფასებით, საქართველო, მოზამბიკთან და კომორთან ერთად, არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2024 წელს ჩატარებული არჩევნები გაცილებით ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვიდრე ათი წლის წინ ჩატარებული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საარჩევნო დარღვევებმა და საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევამ, ევროპარლამენტი აიძულა არ ეცნო არჩევნების შედეგი.
„იმ ორი ქვეყნიდან, სადაც დემოკრატია 2024 წელს ჩამოიშალა, გასული წლის დემოკრატიის ანგარიშში საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც თითქმის ავტოკრატიას მიუახლოვდა.
დემოკრატიზაციის პერიოდი სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებით გაგრძელდა 2013 წლიდან 2017 წლამდე. შემობრუნება დაიწყო 2018 წელს და 2023 წლამდე თანდათან უარესდებოდა.
2024 წელს დემოკრატიის ქულები მკვეთრად დაეცა და საქართველო გადაიქცა საარჩევნო ავტოკრატიად. 2024 წლის საარჩევნო პროცესი გაყალბების ბრალდებებით და მასობრივი პროტესტით ჩაიარა. ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპოზიცია კრიმინალურ ძალად შეაფასა, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით დაემუქრა, მომიტინგეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დააპატიმრეს და ბრალდებები წაუყენეს, შემოიღეს ახალი კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გვინეაში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში, პარტიების შესაქმნელად სამართლებრივი და ფინანსური ბარიერები სულ უფრო ხშირი ხდება.
V-Dem (დემოკრატიის ვარიაციები) არის უნიკალური მიდგომა დემოკრატიის კონცეპტუალიზაციისა და გაზომვისთვის. V-Dem აღიარებს დემოკრატიის ხუთ მაღალი დონის პრინციპს: არჩევნებს, ლიბერალიზმს, მონაწილეობას, ჩართულობას და თანასწორუფლებიანობას და აგროვებს მონაცემებს ამ პრინციპების შესაფასებლად.