სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.432 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიურ ჭრილში 2.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მათ შორის ექსპორტმა 2.274 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით შემცირდა, იმპორტი 6.158 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა გაიზარდა – წლიურ ჭრილში 0.7%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 3.884 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1%-ია.
საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ. აშშ დოლარი).
ამავდროულად, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.078 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ. აშშ დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.254 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (1.004 მლრდ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (691.6 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2024 წლის იანვარ-მაისში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობამ 104 546.7 აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 55 935.1 აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 32 831.3 აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით (შაქრის დანამატების შემცველობით), ასევე ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები (სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული), შესაბამისად, 23 207.1 და 9 072.1 აშშ დოლარით.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები.
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, 210 803.7 აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია 97 459.4 აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) იკავებს 29 262.4 აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ხორბალი და მესლინი, ასევე ბოცები, ბოთლები და მინის სხვა ტევადობები, შესაბამისად, 24 479.1 და 18 589.2 აშშ დოლარით.
Forbes.ge