“საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ?” – ბაქო თბილისზე ისევ გაბრაზებულია

თბილისი ბაქოს გაბრაზებას აგრძელებს – აზერბაიჯანის კიდევ ერთი სახელისუფლებო მედია გამოცემა საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში ადანაშაულებს და ბაქო-თბილისს შორის “კონფლიქტის დეტალებს” ასაჯაროვებს.
გამოცემა Minval.az, რომელიც აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიაა, აქვეყნებს სტატიას სათაურით: საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში ბაქოსა და თბილისის ურთიერთობებში აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა, რაც აღარ არის ინდივიდუალური ბიუროკრატიული შეცდომების შედეგი – “გადაწყვეტილებათა ჯაჭვი მიანიშნებს, რომ საქართველოს რეგიონული პოლიტიკური ლოგიკა იცვლება”.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც აზერბაიჯანელი მძღოლები სექტემბრიდან სისტემატურ შეფერხებებს აწყდებიან, ზოგიერთი სატვირთო მანქანა თვეობითაა საბაჟოზეა გაჩერებული, საქართველოს ხელისუფლება კი პრობლემის მოსაგვარებლად არც პოლიტიკური ნებით, არც მართვისუნარიანობით გამოირჩევა – “რეალური ნაბიჯების ნაცვლად მხოლოდ ფორმალურ განცხადებებს ვხედავთ”, განსაკუთრებით მოულოდნელი იყო თბილისის ნაბიჯი, რომელიც რეგიონული სატრანსპორტო საკითხების შესახებ განხილვებს მოჰყვა.
გამოცემის ცნობით, ერთი კვირის წინ, 28 ნოემბერს, გაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მეცამეტე შეხვედრა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მოადგილეები შაჰინ მუსტაფაევი და მგერ გრიგორიანი ხელმძღვანელობდნენ.
Minval Politika-ს წყაროების თქმით, ერთ-ერთი ასეთი თემა იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა – პროექტი, რომელმაც ბაქოსა და ერევანს ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს და რეგიონს კი მშვიდობიანი განვითარების სივრცე. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობა ტრანზიტის ერთადერთ მარშრუტს უტოვებს საქართველოს. სწორედ ამიტომ მოითხოვა აზერბაიჯანმა თბილისთან ტარიფი გარდაბანი- სადახლოს მონაკვეთზე.
“საქართველოს პასუხი ერთგვარ ინდიკატორად იქცა არა მხოლოდ კომერციული პოზიციის, არამედ პოლიტიკური აზროვნების. ჩვენი მონაცემებით, ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთზე ტონაზე 92 დოლარის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე 0,82 დოლარს ნიშნავს. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივ ტარიფად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ შედარება საპირისპიროს ამტკიცებს. შედარებისთვის: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანალოგიური ტვირთები 680 კილომეტრზე, იალამიდან ბოიუკ-ქესიქამდე 17 დოლარად გადის, ანუ კილომეტრზე 0,02 დოლარად. ეს 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე თბილისის შეთავაზებული ტარიფი. ეს განსხვავება არა ბაზარს, არამედ განზრახვას ასახავს”.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პასუხმა მკაფიო პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა ბაქოს და ეს ქცევა ბუნებრივად იწვევს უკმაყოფილებას.
“საქართველო – ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ისტორიის კრიტიკულ პერიოდებში აზერბაიჯანს ეყრდნობოდა, დღეს საკუთარი გრძელვადიანი ინტერესების საწინააღმდეგო მოდელს აჩვენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძირავს ნდობას სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს მოქმედი ლოგისტიკური მონოპოლია უკვე აღარ არის უალტერნატივო.
დღეს საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება სტაბილური რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების არქიტექტურის ფორმირებას. იმ მომენტში, როცა სამხრეთ კავკასიას უნიკალური შანსი ეძლევა კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე გადასასვლელად, თბილისის ქცევა თითქოს ამ გადასვლას აფერხებს. სხვაგვარად ამ პოლიტიკას რთულია სხვა სახელი დაარქვა: იგი არა მხოლოდ აფერხებს რეგიონული დარეგულირების საერთო დინამიკას, არამედ აჩვენებს სურვილის არქონას საერთო კეთილდღეობის სივრცის შექმნაში მონაწილეობაში”.
აქვე, ნათქვამია, რომ თბილისმა უნდა გაიაზროს: დაუსაბუთებელი ბარიერების პოლიტიკა გარდაუვლად წარმოშობს საპასუხო ნაბიჯებს.
“ქვეყანამ, რომლის ეკონომიკაშიც ბაქომ ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად დებდა ინვესტიციებს და რომელსაც უწყვეტად უჭერდა მხარს, არ უნდა მისცეს თავს უფლება, აზერბაიჯანის ინტერესები უგულებელყოს. პასუხისმგებლობა სახელმწიფოების სიმწიფის მთავარი კრიტერიუმია და ახლა საქართველო სწორედ ამ სიმწიფის გამოცდას გადის. მით უფრო ნიშანდობლივია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიული მეხსიერება. საქართველოსა და ს შორის მწვავე დაძაბულობის პერიოდში ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის იარაღად და არ დაუდგინა მას ზედმეტად მაღალი ტარიფები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში იყო და თითქოს ნებისმიერ პირობაზე დათანხმდებოდა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია – პარტნიორის, და არა სარგებელმაძიებლის გზა. სწორედ ამიტომ ჩნდება დღეს ლოგიკური კითხვა: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ ვითარებას? დუმილით დაკმაყოფილდება და მდუმარედ გააგრძელებს მსგავს ქმედებებს, თუ იპოვის საკუთარ თავში პოლიტიკურ სიმწიფეს, რომ პრობლემა ღიად აღიაროს და თანამშრომლობისკენ, და არა კონფრონტაციისკენ გადადგას ნაბიჯი?”
რამდენიმე დღით ადრე სხვა აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებაზე და რომ ბაქო „უპასუხოდ ვერ დატოვებს“ საკუთარი მოქალაქეებისადმი უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატება.
ამ შემთხვევაში ქართული მხარის დამოკიდებულების შესაძლო მიზეზი, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ე.წ. ზანგეზურის დერეფანია, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ვაშინტონში სომხეთ-აზერბაიჯანისა და -ს შეთანხმების საგანი გახდა.
ამავე სტატიაში საუბარი იყო მოტივების შესახებ, რომელსაც, როგორც Caliber წერს, ექსპერტები სულ უფრო ხშირად განიხილავენ.
“საქართველოს ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან ბოლო წლებში ისე ვითარდებოდა, რომ მისმა გავლენამ შესაძლოა გარკვეულ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში იჩინოს თავი. ანალიტიკურ წრეებში ისიც ითქვა, რომ გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებული შეთანხმებები ვაშინგტონში იქნა მიღწეული და პროექტი წინ მიიწევს მათ გარეშე, ვინც მსგავს პროცესებს საკუთარი გავლენის სფეროდ თვლიდა. ამ ფონზე შესაძლებელია, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ჩრდილოეთის ერთ ქვეყანასზე არიან ორიენტირებულნი, აზერბაიჯანელი მძღოლებისთვის ხელის შეშლის ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეს”.
მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა ქართული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის თამბაქოს ნაწარმის) ბლოკირების შესახებ და “მორიგი დეზინფორმაციული განცხადება” უწოდა მას. უწყების ცნობითვე, საბაჟო პუნქტებზე მკაცრი კონტროლი გამოწვეულია იმით, “რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით”.