საქართველო “მაგნიტსკის სიის” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა.
როგორც საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. მაგნიტსკის სიის ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა – ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ. ხელმომწერებს შორის არიან ლიხტენშტაინი, ნორვეგია, სომხეთი და აზერბაიჯანიც. ამასთან, ქვეყნების სიაში ნახსენები არ არის საქართველო.
ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას “მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების შესახებ და რამდენად შეესაბამება ეს ნაბიჯი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოების შესახებ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
გარდა, ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველომ ჩრდილოეთ კორეისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერების წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა.
2020 წელს საქართველო ევროპულ “მაგნიტსკის სიას” შეუერთდა, თუმცა შემდგომ გადაწყვეტილებებში სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებებში ქვეყანა ნახსენები არ არის.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ევროკომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია 9 რეფორმის გატარების პირობებში გასცა. რეფორმებიდან ერთ-ერთი გულისხმობს: ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესებას.
რა არის მაგნიტსკის სია (აქტი)?
“მაგნიტსკის სიით” გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ კორუფციას იძიებდა. ის 2008 წელს დააპატიმრეს რუსეთში გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, რის შემდეგაც 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა.
2012 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი, რომელიც საშუალებას აძლევდა აშშ-ს დაეწესებინა სანქციები იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ სერგეი მაგნიტსკის დაკავებაში, შეურაცხყოფაში, სიკვდილში ან მონაწილეობდნენ, ზოგადად, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში. 2016 წელს მიღებულმა გლობალური ადამიანის უფლებების მაგნიტსკის ანგარიშვალდებულების აქტმა გააფართოვა ეს რეჟიმი და აშშ-ს უფლება მისცა დაეწესებინა სანქციები ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებზე. სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის წინააღმდეგაც, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებზე.
“მაგნიტსკის აქტი” მოგვიანებით დაამტკიცეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის, კანადამ 2017 წელს, ხოლო ევროკავშირმა 2020 წელს.
ევროკავშირის შემთხვევაში “მაგნიტკის სია”, როგორც სანქციების მექანიზმი თვალისწინებს სამოგზაურო შეზღუდვებს და საფინანსო აქტივების გაყინვას. ამასთან, იგი ვრცელდება რუსეთის, ირანის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, სირიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და კომპანიებზე.
“მაგნიტსკის სიის” ევროპული ანალოგის ფარგლებში სანქცირებულთა სიაში, სხვათა ადამიანებთან ერთად, არის რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი: ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ყოფილი დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.