3 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ თბილისი არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მოახლოებული მატჩის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი ღავთაძემ და ნიკა ხარატიშვილმა ისაუბრეს.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მოვიდა ის დრო, რისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდით და 8 ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. ვფიქრობ, გუნდი მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ყველა პირობა გვქონდა, რომ
ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ.
რთული თამაშები გველის, კოსოვო ძლიერი გუნდია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავამარცხეთ, თუმცა ახლა განსხვავებული შემადგენლობით ვხვდებით მეტოქეს. პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ, შევძლებთ სამი ქულის აღებას.
დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრის, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ქართულ ფუტსალს და ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შეგვიძლია მეტოქის დამარცხება”.
გიორგი ღავთაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “მზად ვართ თამაშისთვის და ბრძოლისთვის. კოსოვო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ თამაშში გამარჯვებას. ვფიქრობ, სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ, თანაბარი ბრძოლა იქნება და ვინც უფრო მეტს ჩადებს ამ ბრძოლაში გამარჯვებაც მას დარჩება. მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ. მათი დახმარება ძალიან გვჭირდება და სავსე ტრიბუნების წინ თამაში ორმაგი მოტივაცია იქნება.
ნიკა ხარატიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ვემზადებით მნიშვნელოვანი ციკლისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე თეორიულად. კოსოვოს ნაკრები შევისწავლეთ. ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი მელის და იმედი მაქვს, მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა და ყველაფერი ჩვენი წარმატებით დასრულდება”.
საქართველო – კოსოვოს შეხვედრა თბილისი არენაზე 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია), შაკო ცირამუა (არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
nakrebi.ge