“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – საყოველთაო მარში დღეს 17:00 საათზე დაიწყება

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით საყოველთაო მარში დღეს, 20 ოქტომბერს გაიმართება. დედაქალაქში, თბილისში მასშტაბური მსვლელობა 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება და თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება.
თავისუფლების მოედანზე დილიდან მიმდინარეობს სამზადისი. ამ დროისთვის ადგილზე მონტაჟდება და ეწყობა კონსტრუქციები. მოქალაქეების თქმით, არჩევნებამდე 6 დღით ადრე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავის ისტორიულ არჩევანს არ ღალატობს.
“კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ ერთმანეთი, თუ რამდენი ვართ და ძალიან ბევრი ვართ. ამასთან ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, დასავლელ პარტნიორებს, მეგობრებს, მოკავშირეებს რომ ქართველი ხალხი თავის ისტორიულ არჩევანს არ ღალატობს. ასევე, ძალიან ტრაგიკულია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლისთვის ევროპა არის უბრალოდ საშოპინგო სივრცე და ევროპა ქართველი ხალხისთვის, ჩვენთვის არის ეგზისტენციალური გამოსავალი და ამ იდეის უბრძოლველად დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ,” – განაცხადა ჟურნალისტმა მ.
17:00 საათიდან მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან [ორთაჭალა] , ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან [მთაწმინდა], მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან და იქ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ – ჯგუფი “ყველა”, “ლაუდსფიქერსი”, ნიაზ დიასამიძე, “გამოუვალი მდგომარეობა”, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი “ინსაითი” და .