„საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორის არის, რომლებსაც ეკოტურიზმის განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნია“ – შოთა ბურჯანაძე

საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორის არის, რომლებსაც ეკოტურიზმის განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნიათ, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბუნებრივი სიმდიდრეები, ხალხური გასტრონომია და ადგილობრივი კულტურა საქართველოს ეკოტურისტულად მიმზიდველ ადგილად წარმოაჩენს, თუმცა ეკოტურიზმსა და ბუნების დაცვას შორის ზღვრის დაცვა აუცილებელია.
,,ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებად მოიპოვება ქვეყანა, რომელსაც ეკოტურიზმის მხრივ განვითარების ისეთი შესაძლებლობა აქვს, როგორიც საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, აქ თითქმის ყველა კლიმატური ზონაა კონცენტრირებული მათ შორის სუბტროპიკული და მთიანი ტუნდრაც კი.
გარკვეულწილად მასობრივი ტურიზმის განვითარება შეიძლება ხელის შემშლელი იყოს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი ეკოტურიზმის კუთხით აუცილებლად გამოსაყენებელია.
ასევე, აღსანიშნავია უნიკალური გასტრონომია, რომელიც ხალხურ ტრადიციებსა და გემოებზეა დაფუძნებული; ანუ ქართული გასტრონომია შეფების მიერ შექმნილი არ არის, მაგალითად სალათი „ცეზარი“ კონკრეტულმა იტალიელმა პიროვნებამ შექმნა.
ეკოტურიზმის განვითარების დროს ტურისტს შესაძლებლობა ექნება არამარტო იმით მოიხიბლოს რაც დედაქალაქში დახვდება, არამედ რეგიონებში ჩავიდეს და ადგილობრივი მოსახლის მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნოს. ამ მიმართულებით ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რაც ძალიან კარგი საქმეა. ტურიზმსა და ბუნების დაცვას შორის ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მასობრივი ტურიზმის მავნე შედეგები არ მომრავლდნენ“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.