დღევანდელი მოცემულობით, IT სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენს. საქართველოს ICT ასოციაციის თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით მზარდია, რის ერთ-ერთ მიზეზად საერთაშორისო კომპანიებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები სახელდება.
როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორთან” IT სექტორის წარმომადგენელი განმარტავს, საქართველო თავს იმკვიდრებს, არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ როგორც საერთაშორისო ტექნოლოგიური ჰაბი.
“მთლიანად საქართველოს ეკონომიკას, თუ ავიღებთ ჩვენი სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. აღნიშნული ზრდა 2022 წლიდან დაიწყო და დღევანდელი მოცემულობით IT სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენს. თუ შევადარებთ, 2022 წლამდე ზრდა 1%-მდეც არ ადიოდა, შესაბამისად, საკმაოდ მასშტაბური ზრდა გვაქვს. აღნიშნული მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში, საერთაშორისო სტატუსმა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადმოვიდნენ, ოპერირება დაიწყონ, ასევე საგადასახადო შეღავათები აქვთ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მსგავსი სახის რეგულაციები არ მოქმედებს”, – აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
საქართველოს ICT ასოციაციის თავმჯდომარე IT სექტორის სამომავლო განვითარების შესახებ დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ დაახლოებით, 5-10 წელიწადში ადგილობრივი მუშახელი საერთაშორისო წარმომადგენლებს ჩაანაცვლებს.
“IT სექტორი 2022 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა და ფაქტი, რომ 2022 წლიდან ჩვენს ბაზარზე ამდენი კომპანია შემოვიდა მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ. ადგილობრივ მუშახელს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობენ – გარკვეულ პერიოდში ჩვენი ტალანტიც მზად იქნება, რომ ჩანაცვლება მოხდეს, დაახლოებით, 5-10 წელიწადში ჩანაცვლება დაიწყება. ჩვენი ძირითადი ექსპორტი (ადამიანები დასაქმებული არიან) აშშ-ში, დასავლეთ ევროპის ბაზარზეა”, – აღნიშნავს სექტორის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა, რაც რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან IT სპეციალისტების საქართველოში მიგრაციის ტალღას უკავშირდებოდა. იქამდე, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საფინანსო და სადაზღვევო სექტორი იყო, რომელიც ამჟამად, მეორე პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: ბიზნესპარტნიორი




