„საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რეგიონსა და მსოფლიოში ბიზნესის კეთებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით“

არა ერთმა ესპანურმა კომპანიამ უკვე აღმოაჩინა საქართველო, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილი და საკუთარი ბიზნესი სწორედ, ჩვენს ქვეყანაში განავითარა, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ალექსანდრე ჭკუასელმა “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ესპანური კაპიტალის მონაწილეობით, 114 მოქმედი კომპანიაა დარეგისტრირებული და მათი აქტივობა მოიცავს – მშენებლობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, კვების, მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებს.
“საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რეგიონსა და მსოფლიოში ბიზნესის კეთებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7-ე ადგილი დაიკავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას სტრატეგიული მდებარეობა (ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე), ჯანსაღი მმართველობა, ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, მარტივი და სერვისზე ორიენტირებული საბაჟო პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო განაკვეთები, მინიმალური ბიუროკრატია, დაბალი რისკები, მწვანე ენერგეტიკა და სამომხმარებლო ბაზარზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, მსოფლიოს მასშტაბით, ექსპორტის შესაძლებლობა განაპირობებს.
2022 წელს, ესპანეთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა იყო საქართველოში. საქართველოს ბაზარზე უკვე ოპერირებენ უმსხვილესი ესპანური კომპანიები. ესენია: FCC Aqualia, ELT Group, და Barcelo Group, რომელთაც სამომავლო თანამშრომლობის მეტად გაღრმავების დიდი ინტერესი აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთმა უმსხვილესმა საერთაშორისო საინჟინრო-არქიტეტურულმა კომპანია – IDOM-მა, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოში არსებული საიმედო და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოდან გამომდინარე, 2025 წლის თებერვალში საკუთარი წარმომადგენლობა თბილისში გახსნა და მომავალში, ბიზნესის გაფართოების კიდევ უფრო სტრატეგიული ინტერესი აქვს.
პოტენციალი დიდია როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ისე საინვესტიციო მიმართულებით. ისეთ სფეროებში როგორიც არის, ინოვაციები და ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ინტერესი ძალიან მაღალია. არიან კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, კომპანიების დაფუძნებით და შემდგომი თანამშრომლობით”, – აცხადებს ალექსანდრე ჭკუასელი.
ვრცლად ბიზნესპარტნიორზე