ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის:
„ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, – წერია ევროპარლამენტის გვერდზე პლატფორმა X-ზე.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ბოლო რეზოლუცია 9 ივლისს მიიღო.
„ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ოპოზიციონერების პატიმრობის დაგმობა, სანქციების დაწესება, მზია ამაღლობელისა და სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა – ასეთია ამ რეზოლიციის შინაარსი.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის:
SWIFT-იდან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა;
„სექტორული სანქციები, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ“.
ევროპარლამენტის რეზოლუციები არასავალდებულო, სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა გამოხატავს წევრ ქვეყნებში პოლიტიკური წრეების პოზიციებს.
ფორუმი
