ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელების (Trans-European Networks /TENs/) პოლიტიკა მოიცავს ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურებს, მათ შორის, გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპებს ტრანს-ევროპული ქსელებისა და იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც საჯარო ინტერესს განეკუთვნება.
TENs-ის შექმნისა და განვითარების, ასევე, მასთან ეროვნული ქსელების სათანადოდ დაკავშირებისა და ურთიერთქმედების მხარდაჭერის მიზანია შიდა ბაზრის სრულად და ეფექტურად ათვისება-გამოყენება და ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა. TENs -ის მიზნებისთვის ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი (Trans-European Transport Network /TEN‑T/) წარმოადგენს ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს. TEN‑T-ის პოლიტიკა 1996 წელს შემუშავდა და მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველია Reg.(EU) 2024/1679 (ამ რეგულაციით ცვლილებები შევიდა Reg. (EU) 2021/1153-ში და Reg. (EU) No 913/2010-ში, ხოლო Reg. (EU) 1315/2013 ჩაანაცვლა).
მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით, გაერთიანების ფარგლებს მიღმა, TEN‑T-ის პოლიტიკა ორ ფუნდამენტურ მიზანს ისახავს: 1) წევრ სახელმწიფოებსა და მათ უშუალო მეზობლებს და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსდებადი (ინტეროპერაბელური) და მულტიმოდალური ქსელის თანმიმდევრულობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას; 2) გაერთიანების ჩართულობის (მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით) ფოკუსირებას ამ რეგიონებზე.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის უფრო დიდ პერსპექტივაში TEN‑T-ის ინდიკატიური გაფართოების (indicative extension) პოლიტიკა, მისი მიმღები ქვეყნებისთვის (მათ შორის, ცხადია, საქართველოსთვისაც), წარმოადგენს უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და, შესაბამისად, კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატებისათვის ევროკავშირში გაწევრებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ეს არის როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური მექანიზმი, რომელიც გაძლიერებული რეგიონული კავშირებისა და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს.
TEN‑T ქსელის შესაბამისობასთან მიმართებით 2024 წლის შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და ორ კონტინენტს შორის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით, რაც ხელს უწყობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტებს. ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურა მას საქონლისა და ენერგორესურსების კრიტიკულ სატრანზიტო ცენტრად აქცევს. საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი ზოგადად დამაკმაყოფილებელია, ძირითადი TEN-T ქსელის 58.43% ამჟამად შეფასებულია, როგორც ძალიან კარგი ან კარგი. ეს გასულ წელთან შედარებით თითქმის 7%-ით გაუმჯობესებას წარმოადგენს. ამ პროგრესის მიუხედავად, შემდგომი გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი მაინც არსებობს. საერთო ჯამში, საქართველოს TEN-T გზების ქსელის 24.56% ამჟამად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. გასულ წელთან შედარებით თითქმის 5%-იანი გაუმჯობესებაა საქართველოში TEN-T გზების ქსელის საერთო შესაბამისობის სასარგებლოდ. ყველა აეროპორტი ღიაა საერთაშორისო მოძრაობისთვის, უცხოური ავიაკომპანიებით ოპერირებენ როგორც შიდა, ასევე გარე რეისებზე და გააჩნიათ საკმარისი ტერმინალის სიმძლავრე მიმდინარე სატრანსპორტო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
2024 წლის შეფასება მოლდოვასთან დაკავშირებით უთითებს, რომ ყოვლისმომცველი ქსელის დაახლოებით 60% ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 2023 წლიდან TEN-T-ის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების მხრივ პროგრესი არ შეინიშნება. საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ქსელის მხოლოდ 8.92% არის ამჟამად კარგ მდგომარეობაში. გასულ წელთან შედარებით, ეს არის უმნიშვნელო, 2.67%-იანი შემცირება კარგ მდგომარეობაში მყოფი ძირითადი გზების ქსელის წილში. საშუალო მდგომარეობაში მყოფი ძირითადი გზების ქსელის წილი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 26%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ცუდ მდგომარეობაში მყოფი ძირითადი გზების ქსელი 23.31%-ით შემცირდა, რაც დადებით ტენდენციას ასახავს. ამ გაუმჯობესებების მიუხედავად, შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ არსებობს. აეროპორტი ღიაა საერთაშორისო რეისებისთვის, უცხოური ავიაკომპანიები ოპერირებენ როგორც შიდა, ასევე გარე რეისებზე და გააჩნიათ საკმარისი ტერმინალის ტევადობა მიმდინარე სატრანსპორტო საჭიროებების დასაკმაყოფილად.
2024 წლის შეფასებით, უკრაინაში 2023 წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების მხრივ არანაირი გაზომვადი პროგრესი არ დაფიქსირებულა. წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს ელექტროფიკაციის, მატარებლის სიგრძის ან რკინიგზის ქსელის საერთო მდგომარეობის მნიშვნელოვან ცვლილებებზე. სამაგიეროდ, განახლებები ძირითადად ასახავს ძირითადი და ყოვლისმომცველი ქსელების კორექტირებას, ქსელის ხარისხის მცირე გაუარესებასთან ერთად. ყოვლისმომცველი ქსელის გზების ხარისხი უარესია, ვიდრე ძირითადი ქსელის, ამჟამად ყოვლისმომცველი ქსელის მხოლოდ 5% არის კარგ მდგომარეობაში. ყველა აეროპორტი ღიაა საერთაშორისო მოძრაობისთვის, უცხოური ავიაკომპანიები ოპერირებენ როგორც შიდა, ასევე გარე რეისებზე და აქვთ საკმარისი ტერმინალის ტევადობა მიმდინარე სატრანსპორტო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
2024 წლის შეფასების დასკვნის მიხედვით, TEN-T სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესება და ერთიანი სატრანსპორტო ბაზრისკენ წინსვლა მოითხოვს არა მხოლოდ მნიშვნელოვან დაფინანსებას, არამედ მკაფიო, კარგად განსაზღვრული სტრატეგიული ჩარჩოების შემუშავებასაც. ეფექტური პროექტებისთვის პრიორიტეტულობის მინიჭება, ინვესტიციების გონივრულად განხორციელება და მიზნობრივი ჩარევების უზრუნველყოფა გადამწყვეტი იქნება ინფრასტრუქტურის ხარვეზების აღმოსაფხვრელად. პრაგმატული და თანმიმდევრული საინვესტიციო პოლიტიკა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არა მხოლოდ ამბიციური, არამედ ეფექტურიც იყოს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს და დაუახლოვდნენ ევროპული სატრანსპორტო ბაზრის ინტეგრაციას.
გამოყენებული წყაროები:
https://enlargement.ec.europa.eu/enlargement-policy/conditions-membership/chapters-acquis_en
https://transport.ec.europa.eu/transport-themes/infrastructure-and-investment/trans-european-transport-network-ten-t
https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/TXT/?uri=CELEX%3A32024R1679
https://www.transport-community.org/wp-content/uploads/2025/05/TEN-T-Report-Observers-digital.pdf
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52021DC0820
https://www.transport-community.org/wp-content/uploads/2025/05/TEN-T-Report-Observers-digital.pdf
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/




