საქართველოს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ერთობლივი განაცხადი წარადგინეს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ამის შესახებ ცნობილი ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, ლევან კობიაშვილმა და არმენ მელიქბენიაკნმა ჩაატარეს. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და სიმბოლურად მაისურები გაცვალეს.
„ჩვენ ვართ ორი მეგობარი, მეზობელი და საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყანა. გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივ განაცხადს შევიტანთ 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია – ამის შესახებ მალე ოფიციალურ განაცხადს გავაკეთებთ. ჩვენ, ორივეს, ასეთი ტურნირების ჩატარების გამოცდილება გვაქვს და ეს ჩვენს ქვეყნებს ფეხბურთის განვითარებაში დაეხმარება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
