2024 წლის განვლილ სამ კვარტალში საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მონაცემით, აშშ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის თურქეთისა და რუსეთის შემდეგ და მის წილად საერთო ვაჭრობის 8,8% მოდის.
რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, აშშ-დან საქართველოში განხორციელებულ იმპორტში ლომის წილი უკავია ავტომობილებს (9 თვეში 1,25 მილიარდი დოლარის ღირებულების 103 ათასი მანქანა შემოვიდა), რომელსაც დიდი ჩამორჩენით მოსდევს თხილი და სხვა კაკლები, სხვა კვების პროდუქტები, კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებები და ტანსაცმელი.
შედეგად, წლევანდელ იანვარ-სექტემბერში იმპორტის ნაწილში აშშ საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია 11,5%-იანი წილით და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თურქეთს ჩამოუვარდება.
რაც შეეხება ქართულ ექსპორტს აშშ-ში, ამერიკის შეერთებული შტატები უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების რეიტინგში მეცხრე ადგილზეა და მის წილად ექსპორტის 2% მოდის. წლევანდელ იანვარ-სექტემბერში საქართველომ აშშ-ში 96 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს ერთი მესამედით აღემატება.
აშშ-ში ექსპორტის 60% მოდის ერთი სახის პროდუქციაზე – ფეროშენადნობებზე, რომლებსაც ფულად განზომილებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება ღვინის, ნატურალური წვენების, შავი ლითონებისა და საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი.