საქართველო აშშ-ის ტრეფიკინგის ანგარიშში პირველ საფეხურზე რჩება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტრეფიკინგის (ადამიანით ვაჭრობის) მაჩვენებლებით, კვლავ პირველ საფეხურზე მყოფ ქვეყნებს შორისაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ატარებს. თუმცა, ანგარიში ასევე მიუთითებს საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლაში არსებულ ხარვეზებზე და მათი გამოსწორების მიზნით, რეკომენდაციების მთელ სიას აქვეყნებს.
ანგარიში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტრეფიკინგის მხრივ შექმნილ ვითარებას, დაახლოებით 200-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად აჯამებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დღეს, 24 ივნისს გამოქვეყნდა. წლევანდელი ანგარიში ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლას 188 ქვეყანაში აფასებს.
„საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. მოცემულ პერიოდში,მთავრობა აგრძელებდა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრაციას, შესაბამისად, საქართველო რჩება პირველ საფეხურზე. აღნიშნული მცდელობები მოიცავს ადამიანით მოვაჭრეთა გასამართლებას და დასჯას, თუ მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებას“, – ნათქვამია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას აღწერს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გახსნა ტრეფიკინგის მსხვერპლთა მესამე თავშესაფარი და მეექვსე კრიზისის ცენტრი, რომელიც მომსახურებას უწევს ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლს. ოფიციალური თბილისი ასევე განაგრძობს თავშესაფრების დაფინანსების გაზრდას. ამას გარდა, მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი ტრეფიკინგზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიების ორგანიზებისთვის და ჩაატარა კვლევა სოფლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, რის შედეგადაც შეიქმნა იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრები. საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა კანონში შრომითი მიგრაციის შესახებ, რომელიც კრძალავს დაქირავების საფასურს და მოითხოვს ლიცენზირებისა და დასაქმების სააგენტოების მონიტორინგს.
თუმცა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასევე მიუთითებს იმ ხარვეზებზე, რომლებზეც საქართველოს მთვრობამ მუშაობა უნდა გააგრძელოს. “მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან ტრეფიკინგში ეჭვმითანილთა ნაკლები საქმე გამოიძია და პოლიციას არ ჰქონდა მკაფიო სტრატეგია კომერციულ სექს-დაწესებულებებში მსხვერპლის იდენტიფიკაციისთვის. მეტიც, ხელისუფლებას კვლავ აკლია ცოდნა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიძიოს და შეაგროვოს მტკიცებულებები რთულ საქმეებში, რომლებიც უკავშირდება ფინანსურ დანაშაულს, ორგანიზებულ დანაშაულს და ციფრულ მტკიცებულებებს. სამართალდამცავებმა მოითხოვეს მსხვერპლთა დატოვება ქვეყანაში, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სავარაუდოდ, აფერხებდა მათ თანამშრომლობას იმ უცხოელ მსხვერპლთან, რომელთაც სურთ რეპატრიაცია და მოსამართლეებს არასოდეს მიუნიჭებიათ მათთვის რესტიტუცია (უფლების ან ქონების აღდგენა) სისხლის სამართლის საქმეებში. მთავრობამ სათანადოდ არ გაასაჯაროვა საჯარო შეფასებები ან ინფორმაცია მისი ძალისხმევის შესახებ”, – აცხადებს ახალი ანგარიში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციათა ვრცელ სიას, რომელთა შესრულებაც საქართველოს მთავრობას ადამიანით ვაჭრობის მხრივ შექმნილი ვითარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მათ შორის სახელდება: გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; მსხვერპლის იდენტიფიკაციის მიზნით, ძალისხმევის გაღრმავება; მსხვერპლის წახალისება, რათა მათ მეტად მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე გამოძიებაში თუ სასამართლო პროცესებში; სამართალდამცავთა მეტი ხელშეწყობა; მსხვერპლისთვის რესტიტუციის გარანტირება და ა.შ.
საქართველოსთან ერთად, ანგარიშში პირველ, ზედა საფეხურზე კიდევ 32 ქვეყანაა. მათ შორისაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ავსტრალია, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი და ბევრი სხვა მოწინავე სახელმწიფო. მესამე, ბოლო საფეხურზე დასახელებულ ქვეყნებში, სადაც ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის მხრივ ყველაზე ცუდი ვითარებაა, შედის: ჩინეთი, ბელარუსი, , სირია, ავღანეთი, ირანი, კუბა, ვენესუელა, თურქმენეთი და სხვა, ჯამში – 21 სახელმწიფო.
“მთელ მსოფლიოში, შრომის, მომსახურებისა და კომერციული სექსის მიზნით, დაახლოებით 27 მილიონი ადამიანის ექსპლუატაცია ხდება. ძალადობით, თაღლითობითა და იძულების გზით, ისინი შრომობენ მინდვრებსა და ქარხნებში, რესტორნებში, თუ ბინებში. ადამიანით მოვაჭრეები ნადირობენ მსოფლიოში ყველაზე მარგინალიზებულ და დაუცველ ინდივიდებზე, იღებენ რა სარგებელს მათი გაჭირვებიდან”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი , დეპარტამენტის ახალი ანგარიშთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მდივანი ადამიანით ვაჭრობას საზოგადოების სინდისზე არსებულ “ლაქას” უწოდებს. ბლინკენის თქმით, ტრეფიკინგი ხელს უწყობს დამნაშავეობას, აღრმავებს კორუფციას და ძალადობას, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს სამუშაო პროცესს და აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. ამასთანავე, “ეს არღვევს ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს თავისუფალი”, – აცხადებს ბლინკენი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”