საქართველოში COVID-ვაქცინა აღარაა

საქართველოში დღეს არ არის კოვიდის ვაქცინის არცერთი დოზა. არსებული ინფორმაციით, ვაქცინებს (Pfizer-ი, Sinovac-ი, Sinopharm-ი) ვადა გაუვიდა და ჩამოწერეს.
“ვაქცინების საჭიროება არის, რა თქმა უნდა. მე რატომ მეკითხებით, რატომ არ არის?! ეს უნდა ჰკითხოთ სამინისტროს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს… ვაქცინის საჭიროებას ვხედავ, მით უფრო, მატებაა ახლა მთელ მსოფლიოში”, – უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ და -ზე გაამახვილა ყურადღება.
ბოლო ერთ კვირაში აშშ-ში კოვიდი 136 232 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა – 667.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე მოქალაქეებს უდასტურებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა აღარ არის დარჩენილი.
“როგორც გვაქვს ინფორმაცია, ვაქცინა აღარაა. ვადა გაუვიდა და ჩამოიწერა… ერთი დოზა [მაინც] რომ იყოს დარჩენილი, გამოჩნდებოდა ელექტრონულ პროგრამაში”, – ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დარეკვისას.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ვაქცინების შემოტანა და რატომ ვერ მოხერხდა ეს ისე, რომ ვაქცინაციის პროცესი უწყვეტი ყოფილიყო. არც ჯანდაცვის სამინისტროში და არც დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ამ კითხვებს არ უპასუხეს.
“ვერ გეტყვით, არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად იგეგმება”, – ამას კი ამბობენ ცხელ ხაზზე დარეკვის ოპერატორები, რომლებსაც მთელი ქვეყნის იმუნიზაციის ბაზებთან აქვთ წვდომა.
ერთ წელზე მეტია, ჯანდაცვის სამინისტრო აღარ აქვეყნებს ყოველთვიურ ინფორმაციას კოვიდინფიცირებულთა შესახებ. პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში მილიონობით დოზა ვაქცინა შემოიტანეს. პრემიერ-მინისტრი 2021 წლის ივლისში ამბობდა, რომ “ვაქცინები იყო პრობლემა, შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე იყო საჭირო”. რამდენ ვაქცინას გაუვიდა ვადა ახლა, უცნობია.