საქართველოში 644 200 მოსწავლე და 66 300 მასწავლებელია – საქსტატის ახალი მონაცემები

2025-2026 სასწავლო წლის შესახებ ახალმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში გასულ, 2024 წელთან შედარებით სკოლების რაოდენობის მცირედი კლება და მოსწავლეთა რაოდენობის მატება აღინიშნება.
საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, მათგან 2 086 საჯარო და 206 – კერძო.
მანამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა კვლავ იმერეთშია – 17.1%.
2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644 200 მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეთა რაოდენობის მატება ყველაზე მკვეთრად თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქის სკოლებში მოსწავლეთა 36 პროცენტი სწავლობს.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სასკოლო განათლების მიღების კუთხით მოსწავლეთა უმეტესობა საჯარო სექტორს ირჩევს. არსებული მონაცემებით, მოსწავლეთა 88.8% საჯარო სკოლებში სწავლობს, ხოლო მოსწავლეთა 11.2% იღებს განათლებას კერძო სკოლებში.
მოსწავლეთა 48.4% გოგოა, ხოლო 51.6% – ბიჭი.
საქსტატის მიერ წარმოდგენილი დიაგრამა აჩვენებს, რომ საქართველოში ზოგადი განათლების დონეზე მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
ამავე დროს, 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო საფეხურზე განათლების მიღების მაჩვენებელმა წელს 41.4 ათასი მოსწავლე შეადგინა, რაც დაახლოებით 0.8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა 2025/2026 სასწავლო წლისთვის 66 300 შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 0.5%-იანი ზრდაა.
ამ პროფესიაში გენდერული სტატისტიკა კვლავ უცვლელია, მასწავლებელთა 87.6% ქალია, ხოლო 12.4% – კაცი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018–2019 წლებში მასწავლებელთა რაოდენობის მაჩვენებელმა პიკურ ნიშნულს, კერძოდ 67.3 ათასს მიაღწია, რის შემდეგაც 2020-2023 წლებში შემცირდა და 62–63 ათასამდე დაიწია.
batumelebi.netgazeti.ge