27 ივნისს, თბილისში, 8 სტარტაპმა ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, 500 Global-ის ქსელის პარტნიორებს, ბაზრის ლიდერებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესები გააცნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 500 Global-მა, „საქართველოს ბანკთან“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის ფარგლებში Demo Day გამართა. 12 -კვირიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ, 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ფართო აუდიტორიას გააცნო.
„500 Global in Eurasia მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს მათ წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლები ესწრებიან მენტორებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს, სადაც მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. Demo Day კი სთავაზობს მათ პლატფორმას, საკუთარი სტარტაპის ლოკალური და საერთაშორისო ექსპერტებისთვის, ეკოსისტემის სტეიკჰოლდერებისთვის, ბიზნეს ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გასაცნობად. 500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მონაწილეები არიან: Clustr, რომელიც ქმნის კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პლატფორმას web3-ის მომხმარებლებისთვის. ის აანალიზებს ყოველი ვალუტის უკან მდგარ რისკებს და იცავს ინვესტორებს ფიშინგისგან. ამასთან, Clustr ერთიან სივრცეში აერთიანებს მომხმარებლის საფულეს და ეხმარება მას, შექმნას დაბალანსებული პორტფელი.
YAYA, რომელიც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მომხმარებელს აძლევს წვდომას 250-ზე მეტ საბავშვო ცენტრზე ყაზახეთში.
Optimyzee, რომელიც ჯამურად 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 10 000 სარეკლამო კამპანიაზე გამოცდილი ალგორითმის მეშვეობით, ეხმარება ბიზნესებს, მოახდინონ Google Ads-ის ოპტიმიზაცია.
Raised, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები წამყვან, წინასწარ შერჩეულ C დონის აღმასრულებლებთან სრულ ან ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობისთვის, რაც დაეხმარება ბიზნესებს, აირჩიონ მათი საქმიანობისთვის შესაფერისი კანდიდატი და მიაღწიონ წარმატებას.
KatalistAI, Inc, რომელიც ამარტივებს ციფრულ კომუნიკაციას და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტექსტურ შეტყობინებებს ვიდეოდ აქცევს.
Videopoint პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.
Helio.AI ეს არის რეკრუტინგისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც თამაშის მეშვეობით, კომპანიებისთვის კადრების შერჩევის პროცესს უფრო მეტად სწრაფს და ეფექტურს ხდის.
Trag, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც software-ის ხარვეზების აღმოფხვრასა და განახლებას ავტოპილოტზე ახდენს.
500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადზე მიღება უკვე მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://500.co/accelerators/500-eurasia
ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება“- ნათქვამია ინფორმაციაში.
