2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი – კაცი. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
პენსიის მიმღებთა 30.5 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი – იმერეთში, 10.3 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.6 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.
სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.3 პროცენტი – კაცი.
„სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს – ომის მონაწილეები, 11.3 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5 პროცენტი თბილისშია, 15.9 პროცენტი იმერეთში, 12.1 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.4 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1 პროცენტია.
2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 128.6 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
