საქართველოში 354 397 პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს 401 331 743 ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 1 მილიონი ლარით შემცირდა და მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის (2.6 მილიარდი ლარის) 15.5%-ი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1132 ლარია.
მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 29.4%-ს შეადგენდა, ხოლო ნომინალური 26%-ს.
ცნობისთვის, 2022 წლის მაისში „ლიბერთი ბანკმა“ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს მიიღებს.