“საქართველოში 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს” – ირაკლი ნადარეიშვილი

“საქართველოში უკვე 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა შემოსული”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მედიას განუცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც, 2020 წელს საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო IT კომპანიებისათვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 5%-ით დაწია, მსოფლიო დონის ტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობა გაიზარდა.
“ეს პროცესი ერთ-ერთი წარმატებული რეფორმაა კონკრეტულად IT მიმართულების განვითარებისთვის. დაახლოებით 2 წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს და უკვე 113 ტექნოლოგიური კომპანიაა შემოსული საქართველოში, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ და ათასობით სამუშაო ადგილს ქმნიან. არიან მსხვილი კომპანიებიც, რომლებიც ათასობით ადამიანს ასაქმებენ და არის შედარებით მცირე ზომის კომპანიებიც, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ პროდუქტს და მსოფლიო ბაზარს აწვდიან”, – აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი IT სფეროში განათლებისა და სატრენინგო პროგრამების გავრცელებისთვისაა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა ეს კომპანია ძალიან აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო/სატრენინგო პროგრამებში, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტ საშუალებას აჩენს, მიიღონ ხარისხიანი განათლება IT სფეროში და დასაქმდნენ საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიებში”, – ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი.
საქართველოში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებს შორისაა: Viber, Exadel, EPAM, Global Technologies და სხვ.

ასევე დაგაინტერესებთ