„საქართველოში ჯერ კიდევ დიდი სხვაობაა ბანკებისა და სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებს შორის” – ლაშა ნიკოლაძე

კონკურენციის სააგენტომ საკრედიტო პროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. სააგენტოს კვლევის საგანი ბანკების მიერ მომხმარებლისთვის საკრედიტო პროდუქტებთან ერთად სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება – რეალიზაციის საკითხი იყო.
როგორც დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ლაშა ნიკოლაძე გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ქვეყანაში ბანკებისა და სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებს შორის ჯერ კიდევ დიდი სხვაობაა.
მისი ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტომ 6 სავალდებულო რეკომენდაცია გამოსცა, რომელზეც შესაბამისმა სტრუქტურებმა მსჯელობა უნდა დაიწყონ .
ანგარიშის მიხედვით, ბაზარს, საკრედიტო პროდუქტების 15 კომერციული ბანკიდან, 10 სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებასაც ახორციელებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 2 მსხვილი ბანკის საბაზრო წილი საკმაოდ მაღალია. ამასთან, კონკურენციის სააგენტო ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებს.
„რეკომენდაცია სავალდებულოდ განსახილველია. ჩვენ, როგორც დაზღვევის კავშირი, საკითხის ჩამოშორებას არ ვაპირებთ. რიგ შემთხვევაში ინიციატორი თუ არა, მონაწილე წევრი ვიქნებით, რათა თითოეული ჩვენგანისთვის, მომხმარებლისთვის დაზღვევა საუკეთესო შეთავაზება გახდეს,” – აცხადებს ნიკოლაძე.
მისივე ინფორმაციით, სხვა ქვეყნებში ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების აქტივები თუ შესაძლებლობები ან თანაბარია, ან სიცოცხლის დამზღვევი კომპანიები უფრო მეტ კაპიტალს აგენერირებენ, ვიდრე ბანკები. კონკურენტულ სიტუაციებს იქ ბაზარი არეგულირებს.
რაც შეეხება ზოგად მოლოდინებს, ნიკოლაძის პროგნოზით, წლის ბოლომდე აღნიშნული საკითხების განხილვა უნდა მოხდეს, ხოლო მისი გადაწყვეტა უკვე პარლამენტზე იქნება დამოკიდებული.
წყარო: „ბიზნეს-პარტნიორი“