საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ იზიარებენ მეპურეთა შეფასებებს იმის შესახებ, თითქოს, ფქვილის იმპორტზე დაწესებულმა გადასახადმა ქვეყანაში რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და იმ შეფასებას, რომ რუსული ფქვილის საქართველოში წარმოებულზე უკეთესია. ამის შესახებ გაერთიანებამ განცხადება გაავრცელა.
„პურის მწარმოებლების მიერ პურის , ფქვილის და ხორბლის ბაზარზე მომდინარე პროცესებზე, დაუსაბუთებელი ინფორმაციების გავრცელების შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კატეგორიულად არ ეთანხმება ბოლო პერიოდში პურის მწარმოებლების მიერ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გამოთქმულ მოსაზრებებს , იმის შესახებ , რომ :
1.თითქოს ფქვილის საიმპორტო გადასახადი , რომელიც მოქმედებს საქართველოში ზღუდავს კონკურენციის პირობებს ბაზარზე და აქედან გამომდინარე რუსული ფქვილის ხელმისაწვდომობა ბაზარზე შეზღუდულია
2. თითქოს რუსული ფქვილი თავისი პარამეტრებით გაცილებით უკეთესია ქართულ ფქვილზე და მისი გამოყენების გარეშე პურის ხარისხი უარესდება
3. თითქოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების გადახედვა და რუსული ფქვილის შემოსვლა არის გარანტია მეპურეების მიერ პურზე ფასის შენარჩუნების
შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხები ეხება უშუალოდ ჩვენს დარგს, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს დღეს აღნიშნულ ბაზრებზე , დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში საკითხების ირგვლივ სამსჯელოდ“, – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას „საქმის კურსთან“ განმარტავს: „რუსეთიდან საქართველოში იმაზე მეტი რაოდენობის ფქვილი შემოდის, ვიდრე აქამდე შემოდიოდა, შესაბამისად რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული არ არის. თუ მეპურეებს რუსული ფქვილის ხარისხის ფქვილი სჭირდებათ, ჩვენ ზუსტად იგივე ხარისხის ფქვილს ვაკეთებთ, ზუსტად იგივე ხორბლისგან, რასაც რუსული წისქვილები აკეთებენ, რადგან ხორბალი სტავროპოლის და როსტოვის მხარიდან მოგვაქვს და სხვაობა მათ შორის არ არის. ტექნიკური პარამეტრები, ქართული წისქვილები რუსეთში მოქმედ წისქვილებს არ ჩამოუვარდებიან“.
ლევან სილაგავა იმასაც აცხადებს, რომ მათ გაერთიანებაში არსებული ყველა წისქვილი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ქვეყანაში მოქმედებენ ისეთი წისქვილებიც, რომლებიც წარმოებას სტანდარტების მიხედვით არ ახდენენ. მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას შეტანილი აქვს მოქმედებათა გეგმა, იმისთვის რომ ბაზარზე ყველა წისქვილის იდენტიფიცირება მოხდეს, რეესტრი გაკეთდეს და ხარისხის დაცვის მიზნით ყველა წისქვილი გაკონტროლდეს. ბაზარზე დაახლოებით 80 წისქვილკომბინატი მუშაობს, ასოციაციაში კი მხოლოდ 15 წისქვილია გაერთიანებული, რომელთა წარმოების სტანდარტზეც ასოციაციაა პასუხისმგებელი.
„ჩვენ გვაინტერესებს ვისგან ყიდულობენ პურის მცხობელები ფქვილს და ვის ფქვილზე აქვთ მათ პრეტენზია“, – აცხადებს ლევან სილაგავა.
