საქართველოში ჩინური ელექტრომობილების იმპორტი იზრდება – ბიზნესი მიზეზებზე საუბრობს

2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში 7777 ელექტრომობილია რეგისტრირებული. საქსტატის ავტომობილების სტატისტიკის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 2 725-ით გაიზარდა.
ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად -დან და ჩინეთიდან შემოდის. 11 თვეში საქართველოში ამერიკიდან 47 მილიონ 408 ათასი დოლარის 2 800 ავტომობილი შემოვიდა, ხოლო ჩინეთიდან 19.5 მილიონი დოლარის 764 ცალი ელექტრომობილი ვიყიდეთ.
Lion Group-ის გენერალური დირექტორი ლევან სუხიტაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტის ზრდა რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირდება. მისი თქმით, მომხმარებელი აქცენტს შედარებით ბიუჯეტურ პროდუქტებზე აკეთებს, რის საშუალებასაც ეს ბაზარი იძლევა და ასევე ჩინეთიდან ელექტრომობილის შესყიდვა გამარტივებული პროცედურებით არის შესაძლებელი, რაც მომხმარებლისთვის კომფორტია. მიღმა ამის, სუხიტაშვილი საუბრობს რისკებზეც, რომელიც შეიძლება პროცესს თან ახლდეს.
“ბრენდზე უკვე ნაკლებ ფოკუსს ასწორებენ მომხმარებლები, ვინაიდან იაფ პროდუქტზეა საუბარი ამ შემთხვევაში შეიმჩნევა ბაზარზე ჩინური პროდუქციის მატება. მიუხედავად იმისა რომ ჩინეთიდან ადრე ბრენდირებული პროდუქცია ჩამოდიოდა, დღეს მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ჩინური ბრენდების იაფ პროდუქტს, მაგრამ ერთი გარემოებაა, ძალიან მნიშვნელოვანი, ადრე თუ ქართველი იმპორტიორები იყვნენ მიმწოდებლები ქართველი მომხმარებლებისთვის ჩინური ელექტრომობილების, დღეს გამარტივებული შესყიდვის პრინციპით აწვდის საცალო მომხმარებელს ავტომობილებს ჩინური კომპანია. მაისურის თუ ხელჩანთის გამოწერა როგორ მარტივადაც ხდება, ისე ხდება ჩინეთიდან ელექტრომობილების გამოწერა. ამის კომფორტს ჩინური კომპანიები აძლევენ ქართველ მომხმარებლებს. რამდენად სანდოები არიან ეგ უკვე მომხმარებლის არჩევანია და მათი რისკფაქტორია.
ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს, ერთი რაც შეიძლება აღინიშნოს აქ რომ ყველა ის ავტომობილი, რომელიც შემოდის ქვეყანაში გარდა სწრაფი დამტენებისა, პორტატული სახლის პირობებში დამუხტვის შესაძლებლობასაც იძლევა. მომხმარებელი სწავლობს თანაცხოვრებას ელექტრომობილთან”, – ამბობს Lion Group-ის გენერალური დირექტორი ლევან სუხიტაშვილი.