“საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი” – ლიეტუვის პოზიცია

ლიეტუვა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს “თავისუფლად და სამართლიანად” არ მიიჩნევს, ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდბერგისი.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე საუბრისას, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩატარებული ს შესახებ ილაპარაკა.
მისი თქმით, ლიეტუვა გამოდის “დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების” ჩატარების მოწოდებით.
“უნდა გავიგოთ, სინამდვილეში რა მოხდა”, – თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და დასძინა:
“თუ საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, უარს იტყვის გამოძიებაზე, ეს უკვე მრავლისმთქმელი იქნება”.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხეს იმ შესაძლო ზომებზე, რაც ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება მიიღოს.
ლანდსბერგისის განმარტებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ საკითხზე “კონსტრუქციული დებატი” ექნებათ, თუმცა ის ამბობს, რომ კონსენსუსის მიღწევა ადვილი არ იქნება.
“თუნდაც სანქციებზე, ამისი ადვილი გზა არ არსებობს”, – თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვამდე გასაჯაროვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ქართველი ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილი წერილი.
ამ წერილით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს 26 ოქტომბრის არჩევნებში, ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შემდეგი ნაბიჯები გადადგას:
· ჩაატაროს გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და არჩევნებში როგორც შიდა, ასევე გარე ჩარევასთან დაკავშირებით.
· მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ მოიწვიოს პარლამენტი მანამ, სანამ გამოძიება და შეფასება არ დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სხდომა მაინც გაიმართება, პარლამენტიც და მთავრობაც, რომელსაც პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას, არალეგიტიმურად ჩაითვალოს.
· დეკლარირება მოახდინოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების გამო.
· შეაჩეროს ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან.
· შეაჩეროს ხელისუფლების დაფინანსება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო), სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები ცნობილი არ იქნება და სანაცვლოდ ევროკავშირმა აღნიშნული დაფინანსება გამოუყოს არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას.
წერილში ოპოზიციური პარტიები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა არის 2025 წელს ხელახალი არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოთი, პოლიტიკურად ბალანსირებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.
“თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს”, – ასე აფასებს ირაკლი ევროკავშირისთვის ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაგზავნილ წერილს.
ევროკავშირის პოზიციით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია საქართველოში ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამო კანონების მიღებისა და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
· 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე ფაქტო შეჩერდა”.
· 2024 წლის 17 ოქტომბერს კი ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.
ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების ნაწილია ასევე ფინანსური დახმარებების და ერთობლივი პროექტების შეწყვეტა სახელმწიფო სტრუქტურებთან.