კომპანია “ვიჯეთის” გენერალური დირექტორის, ლაშა ფეიქრიშვილის შეფასებით, თავისუფლად შეიძლება, საქართველოში Alibaba-მ ტერმინალი გააკეთოს.
როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ლაშა ფეიქრიშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო კომპანია (Alibaba) ქართული ნაწარმის გამოფენას არ შეზღუდავს.
“საერთაშორისო პლატფორმა TEMU საქართველოში შემოვიდა და ჩვენი ქვეყანა ჰაბად იქცა. კერძოდ, ტერმინალები აქ შენდება და ჩვენგან პროდუქციის გარეთ გატანა იგეგმება. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება, ტერმინალი Alibaba-მაც გააკეთოს, ამ ყველაფერზე აქტიურად ვმუშაობთ, ინტერესი მათი მხრიდან ძალიან მაღალია – მგონია, რომ ყველაფერი გამოვა. ამასთან, Alibaba ქართული ნაწარმის გამოფენას არ ზღუდავს, შესაბამისად, საქართველოში თუ მათი პლატფორმა მოექცა, ქართველებს თავიანთი პროდუქციის ექსპორტზე გატანა ბევრად მეტად შეეძლებათ – პროდუქციას ბევრად მაღალ ღირებულებაში გაყიდიან”, – აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.
“ვიჯეთის” წარმომადგენელი Alibaba-სთან ურთიერთობის შესახებ დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ Alibaba ხარისხის გარანტიაა.
“ჩინეთში Alibaba-ს წარმომადგენლობა ქარხნების დირექტორებთან შეხვედრებს გვიორგანიზებს. შესაბამისად, ჩვენგან წასული მომხმარებლები, როდესაც ჩინეთში ჩადიან, ქარხნებთან შეხვედრები დაორგანიზებული აქვთ. ეს ყველაფერი სრულ პროცესს ამარტივებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეიქმნა და ამ ყველაფერს უვიზო მიმოსვლა დაემატა, დიდი შესაძლებლობა გაჩნდა… ყველა ჩვენგან ჩასული მომხმარებელი კმაყოფილია, რადგან ენობრივი და კულტურული ბარიერი მოვხსენით, ქართველი გიდები უკვე ჩვენს მომხმარებლებს თან დაჰყვებიან. ზოგადად, Alibaba ხარისხის გარანტიაა”, – აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.
ცნობისთვის, კომპანია Alibaba Group Holding Limited (ალიბაბა ჯგუფი) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ტექნოლოგიური და სავაჭრო კომპანიაა, რომელიც ჩინეთში 1999 წელს დაარსდა.
შეგახსენებთ, რომ “ვიჯეთი” გადამზიდი კომპანიაა, რომლის მიზანი სატრანსპორტო ბაზარზე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდებაა.




