საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო გახდება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო გახდება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა.
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ტურისტი ვალდებული იქნება თან იქონიოს სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.
სადაზღვეო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ.
ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქართული სადაზღვევო სექტორის ამ სიახლისგან მნიშვნელოვან შემოსავალს არ ელოდება.
როგორც დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, საუბარია, არც ისე მცირე შემოსავალზე, მისი წლიური ბრუნვა წელიწადში 100 მილიონ ლარზე მეტი იქნებოდა, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარი ყველასთვის გააღოს. პაკეტების გაყიდვა მსოფლიოს ნებისმიერ კომპანიას შეეძლება, შესაბამისად დიდი შანსია რომ ტურისტმა იმ ქვეყანაში შეიძინოს დაზღვევა საიდანაც მოემგზავრება.
“მთავრობამ გადაწყვიტა რომ ეს მხოლოდ საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიისთვის არ ყოფილიყო და ყველას ჰქონოდა მისი გაცემის საშუალება.
სავარაუდოდ, იქნება ტურისტების ისეთი ნაწილი, რომელსაც დაზღვევა არ ექნება და საზღვარზე დასჭირდება შეძენა, სწორედ ამ სეგმენტზე შეძლებენ ქართული კომპანიები პაკეტის გაყიდვას საზღვარზევე, თუმცა ეს არ იქნება დიდი რაოდენობა და შესაბამისად, ეს ცვლილება ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს ვერ მოუტანს“, – განმარტა დევი ხეჩინაშვილმა რადიო “კომერსანტთან”.