საქართველოში ყოველი მეორე მშობელი, რომელსაც ალიმენტის გადახდა ევალება, ამ გადასახადს არ იხდის – კვლევა

საქართველოში ყოველი მეორე მშობელი, რომელსაც ალიმენტის გადახდა ევალება, ამ გადასახადს არ იხდის.
ალიმენტისთვის ბრძოლის საკმაოდ რთული გზა სულ მცირე სამ ეტაპს მოიცავს – სასამართლოსთვის მიმართვას, საქმის განხილვას, შემდეგ კი გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს გზა, ხშირად ისე გაივლის ხოლმე, რომ მშობელი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს – ანუ ალიმენტს არ იხდის.
თუმცა ვიდრე საქმე ამ ეტაპამდე მივა, გზად ბევრი კულტურული თუ სამართლებრივი გამოწვევაა.
კვლევები ადასტურებს, რომ ამ ბარიერების გამო ბევრი ქალი ალიმენტზე დავას საერთოდ არ იწყებს. ხოლო ისინი, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას მაინც გადაწყვეტენ, ალიმენტზე დავასთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და ძლიერი სტიგმის მსხვერპლი ხდებიან.
„საზოგადოების მხრიდან არასამართლიანი და არასათანადო დამოკიდებულება მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ეს საერთოდ არ იყო საჭირო და რატომ ვართულებდი საქმეს. ჩემ გარშემო ალიმენტი ნიშნავდა ჩემი შვილის მამის წვალებას. მაშინ საჭიროდ ვთვლიდი, რომ ეს ყველაფერი ამეხსნა, ახლა ალბათ ამას არცერთ წამს არ დავუთმობდი.
„რას ერჩი ამ კაცს? რა გინდა? ხომ იცი, რომ ბევრს მაინც არ დაუწესებენ და გიღირს ამ გზის გავლა? დაანებე თავი“ – ეს ფრაზები ბრალეულობის განცდას გადებს, თითქოს უსამართლო რაღაცას აკეთებ. და ბავშვი რომ გაიზრდება, რა უნდა უთხრა? რომ რამდენიმე ასეული ლარის გამო გაიარე ეს და ღირდა?“, – ამბობს რუსა ბართიშვილი – ქალი, რომელიც ალიმენტთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სასამართლოში დაობდა.
2022 წელს ორგანიზაცია „საფარმა“ ალიმენტთან დაკავშირებული კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები იკვლია. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საალიმენტო დავა ქალისთვის იმდენად დამღლელია, რომ თუ მას მცირედი შემოსავალი მაინც აქვს, ამჯობინებს დავას თავი აარიდოს.
მიზეზი სხვა ფაქტორებთან ერთად ისიცაა, რომ ქალებისთვის ალიმენტზე დავა მხოლოდ პერსონალური კი არა, სოციალური სირთულეც არის და ალიმენტთან დაკავშირებული საზოგადოებრივი განწყობები ხშირად ქალის ოჯახის წევრებსა და ნათესავებზეც კი მოქმედებს.
„საერთოდ, რაიმეზე მოდავე ქალი მის გენდერულ როლს არ შეესაბამება. რაღაც ხმა გაისმა, რომელიც არავის უნდა გაეგო… საზოგადოებაში ხომ ბევრი სტერეოტიპული, მანკიერი პრაქტიკა სწორედ იმიტომ ცოცხლობს, რომ მათი ადრესატები ჩუმად არიან.
თვითსტიგმატიზაციაც ხდება. არსებობს მოლოდინიც, რომ მოსამართლე აუცილებლად კაცის მხარეს დაიჭერს. ფიქრობენ, რომ რა დავას აზრი არ აქვს.
ჩვენს რესპონდენტებს ნათესავები და მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ თუ ალიმენტს მოითხოვ, მამა შვილთან ემოციურ კავშირს გაწყვეტს და ბავშვი მისთვის იქნება ასოცირებული ანგარიშის ნომერთან, რომელზეც ყოველ თვე რაღაც ოდენობის თანხა უნდა ჩარიცხოს. კვლევამ ეს არ გამოავლინა. პირიქით, ის მამები, რომლებმაც ალიმენტი იკისრეს და მას იხდიან, უფრო მეტად არიან ზრუნვის პროცესში ჩართული“, – ამბობს კვლევის ავტორი, გენდერის მკვლევარი გიორგი ურჩუხიშვილი.
„არის შემთხვევები, როცა კაცი განქორწინების შემდეგ უარს ამბობს ბავშვზე ზრუნვაზე – საერთოდ უარს ამბობს ბავშვზე. „შენ ხომ გინდოდა ოჯახის დანგრევა, შენ ხომ გადაწყვიტე ცალკე ცხოვრება? წადი და იზრუნე საკუთარ თავზე და შვილზე. მე უარს ვამბობ ალიმენტის გადახდაზე.“ ეს რეალურად არა მხოლოდ ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, არამედ „ქალის დასჯაც“ არის მამაკაცის მხრიდან. ეს ეკონომიკური ძალადობაა არა მხოლოდ ქალზე, არამედ ბავშვზეც, რაც ჩვენს საკანონმდებლო პრაქტიკაში არც ისე კარგადაა დარეგულირებული. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც ევროპის არაერთი ქვეყანა სისხლის სამართლის წესით არეგულირებს“, – ამბობს ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი.
კვლევის თანახმად, ალიმენტზე დავას ქალები ხშირად იმიტომაც ვერ იწყებენ, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებაში იურიდიული ცნობიერების პრობლემაც არსებობს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებაში ბევრნაირი ქალი გვყავს. ვიღაცას შეიძლება აქვს იურიდიული წიგნიერება, მაგრამ ეს სოციალურ ფენასა და გეოგრაფიაზეც არის მიბმული. შეიძლება თბილისში უფრო მეტი ინფორმაცია ალიმენტთან დაკავშირებით ან მეტი ორგანიზაცია მუშაობს. რეგიონებში ეს ძალიან დიდი პრობლემაა. რეგიონებში მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციები და საზოგადოებები მუშაობდნენ ამ მიმართულებით და ახლა მათი დიდი ნაწილი ლიკვიდაციას განიცდის. რეგიონიდან შეუძლებელია ქალი წამოვიდეს და თბილისში ეძებოს დამხმარე ადვოკატი ეძებოს“, – ამბობს გიორგი ურჩუხიშვილი.
თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, ქალი ალიმენტზე დავას გადაწყვეტს, მის წინ ახალი – ამჯერად სამართლებრივი გამოწვევები ჩნდება.
ალიმენტთან დაკავშირებული კიდევ ერთი კვლევა, რომელიც 2023 წელს ჩატარდა, ამბობს, რომ სასამართლო ალიმენტის საქმეებზე ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს არ იკვლევს და მათ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს. კვლევის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსთვის ამოსავალი წერტილი არა ბავშვის ინტერესები, არამედ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კი ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ:
„ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას” – ციტატის დასასრული.
„როცა სასამართლო ალიმენტს განსაზღვრავს, მხედველობაში მხოლოდ იმას იღებს თუ როგორია მამაკაცის მატერიალური მდგომარეობა – ოღონდ არა რეალური მატერიალური მდგომარეობა, რის გათვალისწინებასაც სასამართლოს კანონმდებლობა ავალდებულებს, არამედ ფორმალური. მარტივად რომ ვთქვათ, შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს ცნობას, თუ რამდენია მოცემულ პერიოდში მამაკაცის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. ამით მარტივად, ძალიან ხისტად, მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინებით განსაზღვრავს, რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია კაცს. სინამდვილეში ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ სტანდარტებს, რომელიც ჩვენ ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში გვაქვს“, – ამბობს მკვლევარი, ორგანიზაცია „ილიასის“ ხელმძღვანელი ელენე სიჭინავა.
სასამართლო რომ ალიმენტის საქმეების განხილვისას ბავშვის საუკეთესო ინტერესებით არ ხელმძღვანელობს, ამას ის იურისტებიც ამბობენ, რომლებიც არაერთი წელია ამ ტიპის დავებში ქალების უფლებებს იცავენ.
მკვლევრები და იურისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ საალიმენტო დავებს ხშირად მოსამართლეებიც სტერეოტიპულად უყურებენ. და ამასთან, ქალების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებასაც ცდილობენ. რუსა ბართიშვილიც, რომელიც ალიმენტის დანიშვნასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დაობდა, იხსენებს, რომ დავისას სასამართლოს იმედი არ ჰქონდა და მოსამართლისგან შეუსაბამო დამოკიდებულებასაც გრძნობდა.
„ეტაპი, სანამ ალიმენტი დაინიშნებოდა, ძალიან რთულად, ძალიან ემოციურად და მტკივნეულად მახსოვს. მახსოვს განცდა, რომ მოსამართლის იმედი არ მქონდა. არ მქონდა მოსამართლის, პროცესის, სახელმწიფოს იმედი. ცალკე ჩემი უფლებები იყო მისახედი, ცალკე ჩემი შვილის.
მახსოვს, რომ მოსამართლემ მიყვირა. გააპროტესტა, რატომ ვსვამდი ამდენ შეკითხვას და რატომ ვცვლიდი „შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს“. დღემდე ვერ გავიგე შინაარსი, რა გადაწყვეტილებს ვცვლიდი. საშუალებაც არ მომეცა, რომ ამაზე პასუხი გამეცა“, – ამბობს რუსა ბართიშვილი.
„სასამართლო ხშირად მანიპულირებს იმაზე, რომ მაგალითად, „მამა თანახმაა, შვილს ყოველთვიურად ორასი ლარი გადაუხადოს, ვინაიდან მას სხვა საშუალება არ აქვს, და გერჩივნოს, რომ ამ ორას ლარს დათანხმდე, ვიდრე დაგრჩეს აღუსრულებელი გადაწყვეტილება დაგრჩეს ფურცელზე.“ ძალიან ხშირია ხოლმე ასეთი შემთხვევები სასამართლოში და ქალებიც ხშირად თანხმდებიან იმ მიზერულ თანხას, რომელიც რეალურად არანაირ საჭიროებას არ აკმაყოფილებს და ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლებია“, – ამბობს „საფარის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი.
სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას კი საქართველოში ყოველი მეორე ალიმენტვალდებული მშობელი არ ასრულებს. როგორც კვლევები ამბობს, აღსრულების სისტემა ამ მიმართულებით ეფექტიანობის მოთხოვნას ვერ პასუხობს და თუკი მშობელი ნებაყოფლობით არ ასრულებს საალიმენტო ვალდებულებას, იძულებით აღსრულება ძალიან პრობლემურია