საქართველოში ყავის ინდუსტრიული წარმოების 3 კომპანიიდან 2 ზარალზე ოპერირებს

ფინსპოტი ყავის ინდუსტრიული წარმოების ბიზნესს 3 კომპანიის მაგალითზე მიმოიხილავს. ესენია: შპს “მეამა” , შპს “ბბ კომპანი” (მონდო) და შპს “ჩერი”
განხილული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება და რეალიზაცია როგორც B2B, ასევე B2C არხებით.
კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავებულ ბიზნეს მოდელს იყენებენ:
– Meama საქართველოში პირველი კაფსულის ყავის მწარმოებელი კომპანიაა. ქართული ყავის წარმოების სექტორში, “მეამა” ყველაზე მასშტაბური პროექტია. საკუთარი კაპიტალის და სესხის მეშვეობით განხორციელებული ინვესტიცია ₾100 მილიონის ფარგლებშია. “მეამას” საკუთარი ფიზიკური გაყიდვის წერტილებიც აქვს შექმნილი ბრენდული სივრცეებისა და Take Away კონცეფციის ობიექტების (“მეამა ქოლექთი”) სახით;
– მონდო • Mondo უწევს რეალიზაციას როგორც საკუთარ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის ყავას, ასევე იმპორტირებულ მზა ყავას (illy) და ყავის აღჭურვილობას. “მონდო” საქართველოში ასევე წარმოდგენილია ორი ყავის კაფით;
– Cherie პირველი კომპანია იყო, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო 2014 წელს. კომპანია ამჟამად უწევს რეალიზაციას საკუთარ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის ყავას, ყავის კაფსულებს და ჩაის. საცალო ქსელებში დისტრიბუციასთან ერთად, “ჩერის” ქვეყნის მასშტაბით 4 ბრენდირებული pop-up stand-ი აქვს, რომლებიც მოლებსა და სუპერმარკეტებშია განთავსებული.
ვინაიდან, საქართველოში ყავის ინდუსტრიული წარმოება საკმაოდ ახალი ბიზნესია და მხოლოდ 10 წელს ითვლის, კომპანიები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე არიან და მომგებიანობის მკაფიო მოდელი ჯერ არ აქვთ შემუშავებული
– როგორც “მეამა”, ასევე “ჩერი” ზარალზე ოპერირებენ. ორივე კომპანიის შემთხვევაში ზარალიანობის ძირითადი მიზეზი საერთო მოგების (gross profit) პროპორციულად მაღალი საოპერაციო ხარჯები და მაღალი ლევერიჯია. ამას ემატება 2019-22 წლებში ყავის მწვანე მარცვალზე ფასის ზრდა, რამაც კომპანიებს თვითღირებულების ხარჯები მნიშვნელოვნად გაუზარდა და საერთო მოგების მარჟებზე მოახდინა წნეხი;
– წარმოდგენილ კონკურენტებს შორის “მონდო” ერთადერთია, რომელიც, პანდემიის პირველი წლის გარდა, მომგებიანი იყო 2018-22 წლებში. შესაძლოა, კომპანიას ეხმარება ის ფაქტიც რომ საკუთარი წარმოების გარდა იმპორტირებულ იტალიურ ყავას და სხვადასხვა ყავის აღჭურვილობას ყიდის, რაც მარჟების დაჭერაში ეხმარება.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
კომპანიებს შორის შემოსავლებით Meama ლიდერობს. “მეამას” შემოსავლებმა ₾15 მილიონი შეადგინა, რაც 2-ჯერ და მეტჯერ აღემატება კონკურენტების შემოსავლებს.
– კომპანიები ზრდის განსაკუთრებულად მაღალი ტემპით არ გამოირჩევიან. “მეამამ” 2022 წელს მხოლოდ 19%-იანი შემოსავლების ზრდა აჩვენა, რაც განხორციელებული მოცულობითი ინვესტიციისა თუ მარკეტინგული დანახარჯების ფონზე მცირე მაჩვენებელია. მონდო • Mondo-მ 2022 წელს 70%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა, თუმცა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 14%-იან ზრდას წარმოადგენს. Cherie-ის შემოსავლები კი 16%-ით შემცირდა 2022 წელს და 2018-19 წლების ნიშნულს ჯერ კიდევ ჩამორჩება.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) სექტორისთვის დაბალია, განსაკუთრებით “მეამასა” და “ჩერის” შემთხვევაში. “მონდოს” კონკურენტებზე მაღალი 38%-იანი მარჟა უჭირავს, რაც შესაძლოა კომპანიის მიერ იმპორტირებული მზა ყავის და ყავის აღჭურვილობის გაყიდვით აიხსნას.
“მონდოსა” და “ჩერის” შემთხვევაში, საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 30%-35%-ის ფარგლებშია. “მეამას” იგივე მაჩვენებელი კი 117%-ს შეადგენს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაღალი ხელფასებით.
– “მეამას” სახელფასო დანახარჯმა ₾8 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც შემოსავლების 55%-ს წარმოადგენს . მარკეტინგულმა ხარჯებმა კი 2022 წელს ₾1 მილიონს გადააჭარბა (2020-22 წლებში მარკეტინგულმა დანახარჯებმა ჯამურად ₾3.8 მილიონი შეადგინა).
დაბალი საერთო მოგების მარჟებისა და მაღალი საოპერაციო ხარჯების ფონზე, საოპერაციო მოგება “მეამას” და “ჩერის” შემთხვევაში უარყოფითია. აღნიშნული კომპანიების ზარალიანობას ამწვავებს კომპანიების მაღალი ლევერიჯიც.
საქართველოს ყავის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი bet გააკეთა “მეამამ”, სადაც კომპანიამ ₾100 მილიონამდე ინვესტიცია ჩადო როგორც საკუთარი კაპიტალის, ასევე ნასესხები სახსრების მეშვეობით. მხოლოდ შენობის საბალანსო ღირებულება ~₾35 მილიონს შეადგენს. კომპანიის ზარალი კი ჯერჯერობით წლიდან წლამდე იზრდება (EBITDA ზარალი: -₾3.5 მილიონი 2019 წელს | -₾11.7 მილიონი 2022 წელს). სანამ კომპანია მომგებიან ბიზნეს მოდელამდე არ მივა, დიდი ალბათობით, მოკლე და საშუალო-ვადიან პერიოდში კვლავ მოუწევს მოცულობითი კაპიტალის ჩასხმა.
ზოგადად რა ტენდენციები შეინიშნება ყავის მოხმარების ბაზარზე გლობალურად? ყავის მსხვილი მწარმოებლები ცდილობენ თავიანთი პროდუქტები მოარგონ Gen Z თაობას, რომელიც ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს წარმოადგენს და მათი მსყიდველობითუნარიანობა წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო რამდენიმე კვლევის თანახმად, Gen Z:
– უპირატესობას ანიჭებს specialty ყავას. ხსნადი ყავა კი, დაბალი ხარისხის გამო, ნაკლები პოპულარობით სარგებლობს;
– დიდ ყურადღებას აქცევს კომპანიების მდგრადობას. სწორედ ამიტომაა, რომ ყავის კაფსულების გიგანტები, Nespresso და Keurig მილიონობით დოლარს ხარჯავენ ახალი ტიპის ყავის კაფსულების შექმნაზე, რათა მათი ნარჩენების გადამუშავება მარტივად იყოს შესაძლებელი;
– ასევე აღმოჩნდა, რომ Gen Z-ის იზიდავს წასაღებად მზა (ready-to-drink) და ცივი ყავის ვარიანტები.

რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს:
შპს “მეამა” კომპანიის მფლობელები არიან სულიკო ვარსემაშვილი: 85%, თამაზ ხარაიძე: 10%, გიორგი ჭელიძე: 5%
შპს “ბბ კომპანი” (მონდო) კომპანიის მფლობელი: ალექსანდრე ბერიძე: 100%
შპს “ჩერი” კომპანიის მფლობელები: ირაკლი ლომთათიძე: 95%, ტარიელ ბოჭორიშვილი: 5%