საქართველოში 2024 წელს ღვინის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2.4 მლნ ჰექტოლიტრს მიაღწია, რაც, 2023 წელთან შედარებით, 26%-ით მეტია და XXI საუკუნის დასაწყისიდან რეკორდული მაჩვენებელია – ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 2024 წლის ანგარიშში წერია.
ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოში ღვინის წარმოების ზრდას ამინდის ხელსაყრელ პირობებს უკავშირებენ.
სწორედ ამ მიზეზის გამო იტალიაც გასულ წელს ღვინის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე დარჩა, სადაც 44 მლნ ჰექტოლიტრი, ანუ 2023 წელთან შედარებით 15.1%-ით მეტი ღვინო იქნა ნაწარმოები.
აშშ-ში ღვინის წარმოება გასულ წელს 17.2%-ით, 21 მლნ ჰექტოლიტრამდე შემცირდა, რაც, ძირითადად, ცხელმა და მშრალმა ამინდმა განაპირობა.
მთლიანობაში, მსოფლიო ღვინის წარმოებამ 226 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლები, ხოლო 1961 წლიდან რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
OIV-ის ექსპერტები ღვინის წარმოების შემცირებას როგორც ჩრდილოეთ, ასევე, სამხრეთ ნახევარსფეროებში „კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ამინდის არაპროგნოზირებად და ექსტრემალურ პირობებს“ უკავშირებენ.
2024 წელს ღვინის გლობალური ექსპორტი უცვლელი დარჩა და 99.8 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა. ამასთან ფულადი თვალსაზრისით გასულ წელს ღვინის ექსპორტი 0.3%-ით შემცირდა და 36 მლრდ ევროს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი კვლავ რეკორდულად მაღალ დონეზე, ლიტრზე 3.6 ევროზე რჩება.
OIV-ის ექსპერტები მაღალ ფასს გლობალურ ინფლაციასა და დაბალ მიწოდებას მიაწერენ. ამჟამად ღვინო, დაახლოებით, 30%-ით უფრო ძვირია, ვიდრე პანდემიამდე იყო.
ცნობისთვის: ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია 51 ქვეყანას აერთიანებს. OIV-ის წევრი ქვეყნების ვენახების ფართობი მსოფლიო ვენახების ფართობის 85%-ს, ღვინის წარმოება 88%-ს, ხოლო მოხმარება 75%-ს შეადგენს. OIV-ის ექსპერტები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან, რომ მევენახეობა-მეღვინეობის გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეაფასონ და გააანალიზონ. OIV-ის რიგით 46-ე მსოფლიო კონგრესი ივნისში, კიშინიოვში გაიმართება.
www.bpn.ge
