საქართველოში “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაცია შეიქმნა – ხელმძღვანელი ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა (bm.ge)

საქართველოში “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული bm.ge-ს თავად ბიზნესმენმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. ზაზა ნიშნიანიძის ინფრმაციით, ასოციაციის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესრეესტრში ახალი ასოციაცია ჯერ არ იძებნება.
– დიახ, ნამდვილად შეიქმნა ბიზნესასოციაცია “ქართულ-რუსული” და ჯერჯერობით, მე მთხოვეს მისი ხელმძღვანელობა.
– როდის გაჩნდა ასოციაციის შექმნის იდეა და რა იქნება მთავარი მიზნები და მისია?
– შექმნის მიზეზი აბსოლუტურად სპონტანური იყო. ჩემს მეგობრებთან საუბრისას, ვინც ქართული პროდუქციის რუსეთში გაყიდვით არის დაკავებული, წარმოიშვა ეს იდეა და მთხოვეს, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რაზედაც დავთანხმდი; ჩავთვალე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დაახლოებით, 600-700 ათასი საქართველოს მოქალაქეა ამ საქმის უკან… შეხვედრაზე დაახლოებით, 60 ორგანიზაცია იყო მოსული. ესენი ძირითადად არიან მეღვინეები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები – მეხილეობა, მებოსტნეობა და ა.შ. ფაქტობრივად, ამ ხალხს ყურადღება ნამდვილად აკლია, რადგან თემა ტაბუდადებულია ზოგადად და ბიზნესიც ხვდება ამ წნეხში. ახლა კი, შევეცდებით, იქნებ ინსტიტუციონალურად ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. ვიმეორებ, ძალიან ბევრი ხალხია ამ საქმით დაკავებული.
– ვინ იქნებიან ბიზნესასოციაციის წევრები ქართული ბიზნესიდან და ასევე, ვინ მოიაზრება ასოციაციის წევრებად ს მხრიდან?
– ძირითადად, როგორც გითხარით მეღვინეები არიან. შეხვედრაზე 60 კომპანია იყო მოსული. შემიძლია დაგისახელოთ – მაგალითად, ბიზნესმენი ბადრი კაკაბაძე, რომელიც საქართველოშიც და რუსეთშიც საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. მარად შაიდიევი, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს ორივე ქვეყანაში, ლევან და თემურ ანჩაბაძეები და ჯიმი ჩხაიძე… იყვნენ სხვა ბიზნესმენები და მეწარმეები. რუსეთის მხრიდან არის რაღაც მოძრაობები, ბევრ ადამიანს უნდა შემოერთება, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი.
– ბიზნესრეესტრის თანახმად, 2025 წლის 17 იანვარს ყველა აქტივი გადააფორმეთ შვილზე, დიმიტრი ნიშნიანიძეზე. რა გახდა წილების გადაფორმების მიზეზი?
არაფერი განსაკუთრებული არ არის ამაში. დაახლოებით, 10-15 წელია აღარ ვარ აქტიურ ბიზნესში და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტად ჩავრთო შვილები პროცესში. აქაც მხოლოდ ეს აზრია ჩადებული. მეტი არაფერი.
bm.ge