„საქართველოში ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა 14-15%-ია – ლაშა კილაძე

„საქართველოში ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა 14-15%-ია, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ექიმმა-ფსიქიატრმა, ლაშა კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველად მომართვების 25-30% ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მოდის, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
„ ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ჯამში, ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა საქართველოში 14-15%-ია. პირველად მომართვების 25-30% მოდის ბავშვებზე. თვეში დაახლოებით 500-600 პირველადი შემთხვევაა. ბავშვების მომართვა ძალიან გაზრდილია. ბოლო სტატისტიკით ფსიქიკური აშლილობის პრობლემით მთლიანი მომართვების, 25-დან 30%-მდე შეადგენენ ბავშვები და ახალგაზრდები“, – აცხადებს ლაშა კილაძე.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში, ბავშვებში მომართვიანობის ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს სოციალურ მდგომარეობას, ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას და სხვა ფაქტორებს.
„ეს ტენდენცია საქართველოშია ასე მზარდი, თუმცა, საერთოდ დაავადება გაახალგაზრდავდა. ამერიკული სტატისტიკით, ფსიქიკური აშლილობის პრობლემით სამედიცინო დაწესებულებებს, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 26%-ზე მეტი მიმართავს.
საქართველოს შემთხვევაში, ბავშვებში მომართვიანობის ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს სოციალურ მდგომარეობას, ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება. ამას გარდა, ბოლო წლებში ბევრი პროგრამა ამუშავდა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, იგივე აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის, და შესაძლოა ამ პროგრამებზე მომართვიანობამ გამოაჩინა ის პრობლემა, რომელიც ისედაც იყო. ეს თავისთავად თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ძალიან დიდი რიცხვია ბავშვთა ასაკში მომართვების და სუიციდური მცდელობების, რაც ყველაზე საგანგაშოა ჩემთვის. ამიტომ, ეს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი თემაა და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს“, – აცხადებს ლაშა კილაძე.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ.