რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ 23 სექტემბრიდან კრასნოდარი – თბილისი – კრასნოდარის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას დაიწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებსაიტზეა ნათქვამი.
კრასნოდარის აეროპორტი 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიხურა. „როსავიაციამ“ მისი მუშაობის განახლების შესახებ 11 სექტემბერს განაცხადა.
თბილისის გარდა, „აზიმუტმა“ სტამბოლის, ანტალიის, ერევნისა და დუბაის მიმართულებით რეისების დაწყების შესახებაც განაცხადა.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით 2023 წლის 19 მაისს აღდგა. რეისებს რუსული კომპანიები „Azimuth“, Red Wings და Georgian Airways-ი ასრულებენ. ამჟამად, რეისები რუსეთის 10 ქალაქიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სრულდება:
მოსკოვი (ვნუკოვო და ჟუკოვსკი)
სოჭი
მინერალნიე ვოდი
უფა
სანქტ-პეტერბურგი
ნიჟნი ნოვგოროდი
ყაზანი
სამარა
ეკატერინბურგი
ნოვოსიბირსკი
2022 წლის 24 თებერვალს, აეროპორტები დაიხურა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რიგ რეგიონში, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის კრასნოდარში (თუმცა სოჭის აეროპორტი არ დახურულა ). შეზღუდვები თავდაპირველად მცირე დროით შემოიღეს, რომელიც არაერთხელ გაგრძელდა და შემდეგ განუსაზღვრელი ვადად ჩამოყალიბდა.
2024 წლის მაისში ამოქმედდა ელისტის, ხოლო – 2025 წლის ივლისში გელენჯიკის აეროპორტები. ამავდროულად, კრასნოდარის მხარეს რეგულარულად თავს ესხმიან უკრაინული დრონები. დრონები ასევე ბომბავენ უკრაინიდან გაცილებით შორს მდებარე რუსეთის რეგიონებს. დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, დროდადრო შეფერხებით მუშაობს მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და სხვა ქალაქების აეროპორტები, რამაც გრაფიკის დარღვევა გამოიწვია. თუმცა, სამოქალაქო აეროპორტებზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მუშაობა არ შეუწყვეტია როსტოვისა და სიმფეროპოლის აეროპორტებს.
საქართველოში ავიარეისებს ახორციელებენ ის ავიაკომპანიები რომლებიც არ არის ევროკავშირის სანქციების ქვეშ.
საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შესაძლოა სანქციები დაწესდეს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ ავიაკომპანიებს ემსახურებიანი, თუმცა ეს შეზღუდვა ჯერ არ შემოღებულა.
