საქართველოში უმუშევრობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს – PMCG

2025 წლის I კვარტალში, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, საქართველოს შრომის ბაზრის ეფექტიანობა გაუმჯობესდა: გაიზარდა როგორც დასაქმების დონე (+4.6 პროცენტული პუნქტით (პპ)), ასევე სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე (+ 2.2 პპ), ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა (-5.0 პპ). მიუხედავად ამისა, უმუშევრობის დონე კვლავ თითქმის ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) საქართველოს შრომის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, სამუშაო ძალა 2.5%-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, დასაქმებულთა 8.9%-იანი ზრდითაა განპირობებული, რადგან უმუშევრობა 23.6%-ით შემცირდა. ამავდროულად, მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ 6.1%-ით შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, სამუშაო ძალის ზრდისა და, ნაწილობრივ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ემიგრაციის შედეგია.
რაც შეეხება ხელფასების დინამიკას, 2025 წლის I კვარტალში, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი თითქმის გაორმაგდა, კერძოდ, 1,093 ლარიდან 2,170 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასების ზრდა გაცილებით ზომიერი იყო (2019-2024 წლებში 935 ლარიდან 1,300 ლარამდე გაიზარდა).
გარდა ამისა, PMCG-ში განმარტავენ, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე გენდერული სხვაობა კვლავ შენარჩუნებულია, კერძოდ, ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე საშუალოდ 21.5 პპ-ით ნაკლებია კაცებთან შედარებით. ანალოგიურად, ქალაქში სამუშაო ძალაში მონაწილეობა უფრო მაღალია, ვიდრე სოფელში, თუმცა პანდემიის შემდეგ ეს სხვაობა მცირედით შემცირდა.