საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა – რა ხდება ციფრებს მიღმა

საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მართალია, ბოლო წლებში ამ მხრივ არსებული სტატისტიკა დადებითად გამოიყურება და შედეგი სულ უფრო უკეთესია, თუმცა უმუშევრობის დონე მაინც მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ეკონომისტები ამბობენ, რომ უმუშევრობის კლება მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მიგრაციას უკავშირდება, ეს უკანასკნელი კი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.
ბოლო წლების სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ უმუშევრობა სულ უფრო მცირდება. მაგალითად, 2021 წელს უმუშევრობამ 20.6% შეადგინა, 2022 წელს მისი მაჩვენებელი 17.3%-ზე ჩამოვიდა, ხოლო გასულ 2023 წელს 16.4%-ზე. უმუშევრობა იკლებდა პანდემიამდელ წლებშიც, თუმცა კორონავირუსის გამო მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ შემდგომ წლებში შემცირდა.
რაც შეეხება მიმდინარე 2024 წელს, პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, მისი მაჩვენებელი 14% იყო, ხოლო მეორე კვარტლაში 13.7%-მდე შემცირდა.
ეკონომისტების განცხადებით, უმშევრობის კლებაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიგრაცია მოქმედებს. პირველ ნაწილს თუ განვიხილავთ, გამოჩნდება, რომ იანვარში მშპ – 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში – 9.5%-ით, მარტში – 8.2%-ით, აპრილში – 11.8%-ით, მაისში – 9.2%-ით, ივნისში – 7.5%-ით, ხოლო ივლისში 13%-ით. 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება მიგრაციას, აქ ყოველთვიური სტატისტიკური მაჩვენებელი არ ქვეყნდება. წლიური შედეგის მიხედვით კი 2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ემიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შარშან 163,480 მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა, 91,896 იმიგრანტი კი ქვეყანაში დაბრუნდა, შესაბამისად, საქართველოს მიგრაციული სალდო მინუს 71,584 იყო. ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 2%-ია.
საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის ასეთი დიდი ნეგატიური სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. შედარებისთვის, 2022 წელს ნეგატიური სალდო 46 ათასი იყო, 2021 წელს 41 ათასი მოქალაქე, 2020 წელი კი ერთადერთი წელი იყო, როდესაც საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ჰქონდა (პანდემიის გამო) და ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა ქვეყნიდან გასულთა რიცხვს 23 ათასით გადააჭარბა, თუმცა მთლიანად ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან გრძელვადინ ემიგრაციაში 285 ათასი ადამიანი წავიდა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ კარგია, როდესაც უმუშევრობა იკლებს, თუმცა ცუდია, როდესაც ეს ნაწილობრივ მიგრაციის ხარჯზე ხდება. უმუშევრობის კლების მიზეზებზე უფრო დეტალურად ‘რეზონანსთან” პროფესორმა პაატა აროშიძემ ისაუბრა.
„უმუშევრობის მაჩვენებელი დაბალ დონეზეა და ეს სხვადასხვა მიზეზობრივი კავშირით უნდა განვიხილოთ. მეორე კვარტლის მონაცემების გამოთვლა ზაფხული სეზონის დასაწყისს მოაზრებს. იმ პერიოდს, როდესაც სეზონური სამუშაოები იწყება, რის შესაბამისადაც დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა. თუ წინა წლებსაც გადავხედავთ, გამოჩნდება, რომ ტურისტული სეზონზე დასაქმება იზრდება, ანუ უმუშევრობა იკლებს.
მეორეს მხრივ, როდესაც მოქალაქეთა დიდი რაოდენობა ქვეყნიდან გასულია, რა თქმა უნდა, უმუშევრობის კლებაზე გავლენას ახდენს, რადგან დასაქმებაზე მოთხოვნა იკლებს.
მთავარი საკითხია, რამდენად შენარჩუნდება უმუშევრობის კლების დადებითი დინამიკა. 13%-იანი უმუშერვობა მაღალია, მაგრამ პოზიტიური დენტენცია აშკარაა. თუ წმინდა ეკონომიკური თეორიიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, 5-6% ბუნებრივ უმუშვრობად ითვლება ჩვეულებრივად კაპიტალისტურ ქვეყნებში და მასზე დიდი შედეგი უკვე, მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
ემიგრანტები სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არის ქვეყნიდან წასულები. სასურველია, რომ თითოეულმა ქართველმა სამშობლოში იპოვოს დასაქმების ადგილი. ბიზნესი ხშირად ამბობს, რომ დასაქმების მსურველები არ არიან და ძნელია მუშა ხელი პოვნა, მაგრამ თუ ადამიანს ღირსეულ და ცხოვრების პირობების შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდი, მაშინ მოქალაქეები ადგილზე დასაქმებას მიანიჭებენ უპირატესობას. მცირე გამონაკლისის გარდა, ნებისმიერი ადამიანი ემიგრაციაში იმის გამო მიდის, რომ თავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ვერ მოიგავრა სოციალური მდგომარეობა.
რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა მოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მშპ-ს მატება მაშინვე აისახება დასაქმების მაჩვენებელზე. ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია სხვადასხვა დარგის ზრდით. მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწვევს დასაქმების ადგილების ზრდას. ჩენ მყისიერად გვინდა, რომ რაიმე შეიცვალოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება, რადგან ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც, პირველ რიგში, სტატისტიკურ მაჩვენებელებში აისახება და შემდეგ რეალობაში გამოვლინდება. მთავარია, ეკონომიკური ზრდის და უმუშევრობის შემცირების ტრენდი არ გაჩერდეს და მუმდივი იყოს”, – ამბობს პაატა აროშიძე.
ემიგრაციის პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. პანდემიის წლებში სამშობლოში დარბუნები ქართველები უცხოეთისკენ ისევ გაეშურნენ და მათ სხვების გაჰყვნენ, ამიტომ ადგილზე კადრების სერიოზული პრობლემაა. კერძო სექტორი მიხვდა, რომ ეს ნაწილობრივ მათი ბრალიცაა და ხელასები გაზარდა, თუმცა არა ისე, რომ ქართველმა უცხოეთში წასვლა გადაიფიქროს, ამიტომ როგორც პროფესორმა ავთო სილაგაძემ განაცხადა, მანამ, სანამ საქართველოსა და სხვა ქვეყნების ანაზღაურებას შორის სხვაობა დიდია, ემიგრაცია მზარდი იქნება.
„ზოგადად, ეკონომიკის განვითარდების პირობებში ემიგრანტთა რაოდენობა არ მატულობს. საქართველოს ეკონომიკა კიდევ ურო მეტად გაიზრდება, მაგრამ ჩვენი და სხვა ქვეყნების ანაზღაურებაში ძალიან დიდი სხვაობაა, რაც ემიგრანტების ნაკადზე ეს ფაქტორი ყოველთვის გავლენას მოახდენს. ვერ გააჩერებ ადამიანს, რომდესაც სხვაგან 3-4-ჯერ მეტი ხელფასია. ჩვენს სინამდვილეში, იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა და გაცილებით, თითქმის 2-ჯერ მეტი, იყო რაოდენობა 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით.
ქართველების საქართველოდან წასვლა, ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აკლება, მაგრამ მეორე კუთხით, მათი გადმორიცხული ფული ჩვენს ეკონომიკაში გამოიყენება.
უმუშევრობის შემცირება ძალიან კარგია და სასურველია, რომ სტაბილურად შევინარჩუნოთ დადებითი ტენდენცია. ემიგრანტთა ნაკადი უნდა შემცირდეს, როდესაც ეკონომიკა იზრდება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათი რაოდნობა დიდხანს ვერ შემცირდება. მაგალითად იმის გამოც, სანამ ანაზრაურებაში არის დიდი სხვაობა”, – ამბობს ავთო სილაგაძე.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ