ავარიული სკოლების დემონტაჟისა და რეაბილიტაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია. ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვების ნაწილს ისევ სხვადასხვა სკოლებში შეხიზნულებს უწევთ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ავარიული სასწავლო დაწესებულებების მასობრივი დემონტაჟი მიმდინარეობს. ზოგიც დათქმულ დროზე შენდება და ახლდება, მაგრამ არის სკოლები, სადაც მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უსასრულოდ გაიწელა.
წლების განმავლობაში გაჭიანურებული მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ჩივიან მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლებიც. სპეციალისტები სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი აზრით, გამოყოფილი თანხები, ხშირ შემთხვევაში, არაპროფესიონალთა ხელში ხვდება, ამიტომ ამა თუ იმ სკოლის მშენებლობა თუ რეაბილიტაცია შესაძლოა, დროში გაჭიანურდეს. ეს უკანასკნელი კი, ცხადია, აფერხებს საგანმანათლებლო პროცესს.
ცნობილია, რომ სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიზეზით, საქართველოში ამ ეტაპზე თავიანთი უბნის სკოლის გარეშე დარჩენილია 21 203 მოსწავლე, რომლებიც სხვა სკოლებში არიან გადანაწილებულნი, მათ მეორე და არც თუ იშვიათად მესამე ცვლაში უწევთ სწავლა, გაკვეთილების ხანგრძლივობა კი 35 წთ-ია. აღნიშნულ საკითხს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც შეეხო და დაადასტურა, რომ არის გარკვეული სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით, თუმცა მაქსიმალურად დაჩქარდება სამუშაოები, რათა ბავშვებმა სახლებთან ახლოს იარონ თავიანთ სკოლებში.
“სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დამთავრდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში გააგრძელებს სწავლას.
შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები, 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ძველი და ავარიული სკოლების რეაბილიტაცია აუცილებელია. თუმცა, დროში გაწელილი და შეჩერებული პროექტებით მოსწავლეები ზარალდებიან. ამბობს აკადემიკოსი ზურაბ ვახანია, პირველ რიგში, საწვლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას.
,,მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მე არ მეხება და ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ, ცხადია, გადატვირთული სკოლები და შემცირებული გრაფიკი განათლების ხარისხს დაბლა სწევს. ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ სკოლებში არსებული გადატვირტული ბაზა ძალიან ცუდია და განათლების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
წლებია შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს. როგორ და რა ტემპით სრულდება სამუშაოები, ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტი ერთია და დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ გაზრდილი კონტიგენტი სკოლის კედლებში სწავლის დონეზე უარყოფით გავლენას ახდენს. გამოსავალი შეიძლება იყოს გრაფიკების შემუშავებაში. საჭიროა სპეციალისტებმა შეისწავლონ საკითხი და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ არც მოსწავლე დაზარალდეს და არც სამუშაო პროცესი გაფუჭდეს”, – განაცხადა ზურაბ ვახანიამ.
საქართველო საკმაოდ ბევრი სკოლის შენობა ამორტიზებულია. ბევრ მათგანს სჭირდება რეაბილიტაციას, ზოგს დანგრევა და ხელახლა აშენებაც. განათლების სფეროს ექსპერტის მანანა ნიკოლაიშვილის შეფასებით, პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დიდ ხარჯებსაც მოითხოვს. ცხადია, ერთიანად პრობლემას ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ვერ მოაგვარებს.
,,სკოლების ნახევარზე მეტი ავარიულია. სულ ქვეყანაში 2080 სკოლაა. კარგია, რომ რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესი დაიწყო, მაგრამ არის ხარვეზები, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია. კონკრეტულად რამდენიმე სკოლა ვიცი, სადაც ეტყობა, რომ ტენდერი არაპროფესიონალებმა მოიგეს და საქმესაც არაკეთილსინდისიერად აკეთებენ. ვერ გეტყვით რა და როგორ, მაგრამ ჩანს, რომ თანხებია გაფლანგული ან ვიღაცამ ხელი მოითბო და საქმე განზე გადადო. მოკლედ, საკითხი შესაასწავლია და ის ხალხი, ვინც თავისი უფლებამოვალეობა არაკეთილსინდისიერად შეასრულა პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ყველა დამნაშავე უნდა დაიჭირონ და მოატანინონ ფული, ვისაც ხელშეკრულება დაუდო სახელმწიფომ და პირნათლად თავისი მოვალეობა არ შეასრულა. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.
განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელია არაერთი მშობელი მიკავშირდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს. წარმოიდგინეთ, არის სკოლები, რომელთა მშენებლობა ვერანაირ ვადებში ვერ ეტევა ან გაჩერებულია იმის გამო, რომ ვიღაცამ ფული მოიპარა ან უყაირათოდ დახარჯა, ან უბრალოდ, არაკვალიფიციური ადამიანების ხელში აღმოჩნდა პროექტი და ა.შ. სხვა საკითხია ასეთებმა რატომ გაიმარჯვეს. ცხადია, საკითხის გამოძიება და შესაწავლა აუცილებელია”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, კომუნისტების შემდეგ პირველი ხელისუფლებაა “ქართული ოცნება”, რომელმაც გაბედა და დაიწყო ძველი სკოლების ნგრევა და ახლის აშენება. სამწუხაროდ, ბევრგან საქმეში არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები ჩაერთვნენ. ამიტომაც საჭიროა შესაბამისი პასუხი აგებინონ ყველა დამნაშავეს.
,,ვინც ატარებს ტენდერებს და ამარჯვებინებენ არასერიოზულ, არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალ კომპანიებს, პასუხი უნდა მოეთხოვოს. გამოიკვლიონ ისიც, რატომ იმარჯვებს კომპანია, რომელიც დროზე ვერ ასრულებს სამუშაოს. თუ ფული დახარჯულია და საქმე შეუსრულებელი, ხელს ნურავის დააფარებენ. სკოლის მშენებლობა საკმაოდ რთული პროცესია. ეს სპეციფიკური პროექტია და განსხვავებულია ერთფეროვანი საცხოვრებელი კორპუსებისგან. საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა საკმაოდ რთულია და არაკომპეტენტური სამშენებლო ფირმა იქ არ გამოდგება.
ვიმეორებ, არაკომპეტენტური კომპანიებიც და ხელის დამფარებლებიც ერთნაირად უნდა დაისაჯონ. სხვანაირად პროცესი არასოდეს დაჩქარდება. ხომ უნდა გაკონტროლდეს რატომ ჩერდება ამა თუ იმ სკოლის მშენებლობა ან რეაბილიტაცია? სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს და ყველა დამრღვევი ციხეში უნდა გაუშვან”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ გარდა ძველისა, საწიროა ახალი სკოლების მშენებლობაც. იქ სადაც, საოცარი სისწრაფით შენდება კორპუსები და დასახლებები იზრდება, სკოლების მშენებლობაც აუცილებელი ხდება. მაგალითად, დიდ დიღომში სკოლებს ვერ პოულობენ მშობლები.
მანანა ნიკოლაიშვილის შეფასებით, საასწრაფოდ უნდა გაირკვეს სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია თუკი თანხები არ იფლანგება.
,,საინტერესოა და გასარკვევია, თუ თანხების გაფლანგვასთან არ გვაქვს საქმე, რატომ არ სრულდება პროექტები? ჩემი რჩევა იქნება პრობლემის მოსაგვარებლად და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სასწავლო დაწესებულებების მშენებლობაზე (რეაბილიტაციაზე) ტენდერი არ უნდა ცხადდებოდეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი სამშენებლო კომპანია და აშენებდეს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, როგორიც სკოლა, საბავშვო ბაღი და სახელმწიფო უნივერსიტეტია. ზემოთხსენებულ პრობლემებს მხოლოდ ამ გზით ავიცილებთ”, – დასძინა მანანა ნიკოლაიშვილმა.