საქართველოში უარყოფით ბუნებრივ მატებას ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებენ

2024 წელს საქართველოში 4 488 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. უკვე მეხუთე წელია, ქვეყანაში „უარყოფითი ბუნებრივი მატებაა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას არ აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 1.8%-ითაა შემცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 2.8%-ით გაზრდილი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ ბანძელაძე აღნიშნავს, რომ შობადობის მაჩვენებელი ბევრ ევროპულ სახელმწიფოში კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ოჯახები იმაზე ნაკლებ შვილს აჩენენ, ვიდრე რეალურად სურთ.
ამასთან, შობადობის მაჩვენებელი უკვე წლებია იმ მინიმალურ ზღვარს ქვემოთაა, რომლითაც მოსახლეობის არსებული რაოდენობის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი.
„საქართველოში სასურველი შვილების რაოდენობა რეალურად 2.6-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახს აქვს სურვილი, მეტი ბავშვი გააჩინოს, თუმცა ნაკლებს აჩენს. ასევე, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ბუნებრივი ცვლის მაჩვენებელთან მიმართებით. ბუნებრივი აღწარმოება 2.1-ია. ეს ნომინალური ზღვარია, რომლის შენარჩუნებითაც, მოსახლეობის არსებული რაოდენობის შენარჩუნებაა შესაძლებელი. საქართველოში მაჩვენებელი 1.7-ია, შესაბამისად ამ ნომინალურ ზღვარს ქვემოთ ვართ“, – ამბობს მარიამ ბანძელაძე.
ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას, გაეროს მოსახლეობის ფონდში უპირველესად სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირებენ.
უარყოფით ბუნებრივ მატებას ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს სტატისტიკოსი ივანე კეჭაყმაძეც. მისი განმარტებით, მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახის შემოსავლის ოდენობა ამავე ოჯახში ბავშვების რაოდენობას პირდაპირ უკავშირდება.
„სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი გვეუბნება, რომ თუ საქართველოში მოსახლეობის შემოსავალი, მაგალითად, 20-25%-ით გაიზრდება, ქვეყანაში 2-3%-ით გაიზრდება7 წლამდე ბავშვების რაოდენობაც. წარმოიდგინეთ, ოჯახის საშუალო შემოსავლის 200-300 ლარით გაზრდის შემთხვევაში, იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც 7 წლამდე ბავშვი ჰყავთ, 2-3%-ით მეტი იქნება“, – აღნიშნავს ივანე კეჭაყმაძე.
სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ დემოგრაფიული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ მოქმედებს და რომ ეკონომიკის რიგ დარგებში სამუშაო ძალის დეფიციტი უკვე შესამჩნევია.
„ჩვენ მოგვიწევს სერიოზული არჩევანის გაკეთება – ეკონომიკის ტემპის შემცირება ან გარე მიგრანტებისთვის კარების ფართოდ გაღება. ამ გამოწვევას საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პასუხი უნდა გასცეს.
იკლებს დოვლათის შემქმნელთა რაოდენობა, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ამ დოვლათის მიღებას, მოხმარებას, გამოყენებას საჭიროებს, იზრდება. დემოგრაფიული ზეწოლის მაჩვენებელი შრომისუნარიან მოსახლეობაზე წლიდან წლამდე იზრდება“, – ამბობს სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში.
შობადობის დაბალ მაჩვენებელს მოქალაქეები უმეტესად სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს უკავშირებენ.
„პირობები არ აქვთ. ახალგაზრდებს ცალკე უნდათ ცხოვრება. ბავშვის აღზრდისთვის ძალიან ბევრი რამეა საჭირო.“
„ყველანაირი უკმაყოფილების თავი, ჩემი აზრით, სოციალური მდგომარეობაა, რომელიც საქართველოში კატასტროფულია.“
„როცა შესაძლებლობა გვაქვს, ვცდილობთ ორი-სამი გვყავდეს, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა ამ უარყოფით მხარეს ხელს ძალიან უწყობს.“
ეკონომიკური პრობლემები თავის მხრივ მიგრაციის მთავარი მიზეზია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყანა 245 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
„ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მიგრაციის საკითხიც. მიგრაციის ასაკობრივ ჭრილში განხილვა აჩვენებს, რომ მიგრაციაში ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალები და ახალგაზრდები არიან ჩართული, რაც რა თქმა უნდა, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას“, – ამბობს მარიამ ბანძელაძე.
შობადობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მოქმედებს სხვა ფაქტორებიც:
„თუ არ იქნება შესაბამისი ხელშემწყობი გარემო ოჯახებისთვის, და კონკრეტულად ქალებისთვის, რათა მეტი ბავშვი იყოლიონ და ასევე, დაბრუნდნენ შრომის ბაზარზე, შობადობის მაჩვენებლის ცვლილება რთული იქნება. ესეც რთული და კომპლექსური საკითხია და მოიცავს როგორც დეკრეტულ შვებულებას, ისე საბავშვო ბაღებს, ბავშვის მოვლის ცენტრებს, მოქნილ გრაფიკს, კვალიფიკაციის სწრაფ ამაღლებას დეკრეტში მყოფი ქალისთვის… თუკი დამსაქმებელი ოჯახებისადმი კეთილგანწყობილ და მათზე მორგებულ გარემოს არ შექმნის, ძალიან რთული იქნება. ზოგადად, მოდერნიზაცია განაპირობებს შობადობის კლებასაც. დღეს წარმოუდგენელია ოჯახში მხოლოდ ერთ მარჩენალი. იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგრადობა შევინარჩუნოთ, ორი და მეტი ადამიანი იყოს ჩართული შრომით ბაზარზე. ბუნებრივია, აქ არის ბავშვის მოვლის საკითხი, შრომის გადანაწილება და ეს გარკვეულწილად ეხმიანება სტერეოტიპებს, რომლებიც საქართველოში არსებობს და ოჯახებში მყარადაა ფესვგადგმული“, – აღნიშნავს მარიამ ბანძელაძე.
შობადობის დაბალი მაჩვენებელი დეკრეტულ შვებულებასაც რომ უკავშირდება, ამაზე მოქალაქეებიც საუბრობენ:
„არ არსებობს ნორმალური შვებულება. დეკრეტი ექვსთვიანია. ექვსი თვის ბავშვი ვის უნდა დაუტოვო?! სად უნდა წაიყვანო?! მხოლოდ ექვსი თვე გინარჩუნდება სამსახური, ისიც ანაზღაურებადი არ არის. თუ საჯარო სამსახურში ხარ, კიდევ რაღაცას ანაზღაურებენ. და ერთჯერადად გირიცხავენ სასაცილო თანხას. ასეთ პირობებში, ვინ გადაწყვეტს შვილის გაჩენას?!“, – ამბობს ნინო ზაალიშვილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ასეთი უცნაური სახელით ცნობილი მოვლენა – „უარყოფითი ბუნებრივი მატება“, 2024 წელს თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში აღმოჩნდა.
საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 16%-ს აღემატება. სპეციალისტები არსებულ ტენდენციებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-მდე გაიზრდება.
წყარო: euronews.ge