საქართველოში საშუალო ხელფასი მედიანურს 32.4%-ით აღემატება – რომელ საქმიანობებშია ყველაზე დიდი სხვაობა

საქართველოში საშუალო ხელფასი მედიანურს 32.4%- აღემატება – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. ყველაზე დიდი სხვაობა კი, საქმიანობების მიხედვით, ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორშია – აქ საშუალო ხელფასი მედიანურ თითქმის 50%-ით აღემატება. ამასთან, საქსტატის მონაცემებითვე, 2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 საქმიანობას, სადაც მედიანურ და საშუალო ხელფასს შორის ყველაზე დიდი სხვაობაა:
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – მედიანური – 1 983 ლარი, საშუალო – 3 923 ლარი (სხვაობა 49.4%)
· საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – მედიანური – 1 919 ლარი, საშუალო – 3 678 ლარი (სხვაობა 47.8%)
· პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – მედიანური – 1 786 ლარი, საშუალო – 2 823 ლარი (სხვაობა 36.7%)
· მშენებლობა – მედიანური – 1 943 ლარი, საშუალო – 2 667 ლარი (სხვაობა 27.1%)
· სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – მედიანური – 2 128 ლარი, საშუალო – 2 395 ლარი (სხვაობა 11.1%)
ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 7.6 პროცენტით გაიზარდა და 1 332 ლარი შეადგინა. 2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.4 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ეს სხვაობა 29.9%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმეტიკულს და რიგ შემთხვევებში, საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი – გაცილებით ნაკლები.
შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია. შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების – 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი – 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.