საქართველოში საშუალო ხელფასი 2 004 ლარამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 4.3%-ით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5%-ით);
• მშენებლობა – 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7%-ით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8%-ით)
ტრადიციულად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%).
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 190.7 ლარით (10%) გაიზარდა და 2 105.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 289.2 ლარი, გაიზარდა 13.6%-ით) სფეროებში ფიქსირდება.
ამასთან, II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 216.7 ლარით (13.5%) გაიზარდა და 1 826.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.
ცნობისთვის, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის გაანგარიშებაში გამოყენებულია დარიცხული შრომის ანაზღაურება და არა ხელზე ასაღები ხელფასი. შესაბამისად, მაჩვენებელში შესულია საშემოსავლო გადასახადი (20%), ასევე საპენსიო შენატანი (2%).