საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 271.6 ლარია – რამდენით მეტს იღებენ კაცები ქალებთან შედარებით?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტით, ანუ 214.9 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით); მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6 პროცენტით).
საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი, ანუ 8.9% შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%).
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან, უწყების ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით, ანუ 10.5%-ით და 2 420.9 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი, 4 277.5 ლარი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის და 3 687.6 ლარი მშენებლობის სფეროებში.
2025 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით, ანუ 10.3%-ით გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }