„საქართველოში საფონდო ბირჟის ინსტიტუტი მიზანმიმართულად გადაყლაპეს ბანკებმა, მოსპეს როგორც კონკურენტი“ – რამაზ გერლიანი

საფინანსო სექტორი არის აბსოლუტურად მონოპოლიზებული, გვყავს მხოლოდ ერთი სექტორი – საბანკო, სხვა მოთამაშე ამ ველზე არ ჩანს, იყო ილუზორული წარმოდგენები, რომ თითქოსდა საპენსიო ფონდი რაღაც როლს შეასრულებდა, თუმცა ვერაფერი როლი ვერ შეასრულა და გაამძლავრა საბანკო სექტორი – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, სფერო ჰოლდინგის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საფინანსო სექტორის შეფასებისას ისაუბრა. მისი თქმით, თუ შეფასება მოხდება კონკურენტული პარამეტრებით, მივიღებთ რომ საფინანსო სექტორი რეალურად არც არსებობს.
„ეს სექტორი არის აბსოლუტურად მონოპოლიზებული, გვყავს მხოლოდ ერთი სექტორი – საბანკო, სხვა მოთამაშე ამ ველზე არ ჩანს, იყო ილუზორული წარმოდგენები, რომ თითქოსდა საპენსიო ფონდი რაღაც როლს შეასრულებდა, თუმცა ვერაფერი როლი ვერ შეასრულა და გაამძლავრა საბანკო სექტორი. არსებული სიტუაცია ეკონომიკური თვალსაზრისით ცუდია, რადგან არაა იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა. საფონდო ბაზარი აბსოლუტურად არ არსებობს. საფონდო ბირჟებზე ბანკების წარმოდგენა, იძლეოდა იმედებს, რომ სხვა კომპანიებსაც მიეცემოდათ შესაძლებლობა, რომ მათი აქტივებიც ყოფილიყო წარმოდგენილი. მაგრამ ეს ვარდნა ქვეყნის რეიტინგს აყენებს კითხვის ქვეშ.
საქართველოში საფონდო ბირჟის ინსტიტუტი, ისევ იმ თითზე ჩამოსათვლელმა ბანკებმა გადაყლაპეს მიზანმიმართულად, მოსპეს როგორც კონკურენტი, ეს მოკლე, ძალიან მავნე გამჭრიახობის შედეგია, იმიტომ რომ ბირჟა არ უნდა წარმოადგენდეს არცერთ კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტს, არ უნდა ეკუთვნოდეს არცერთ ბანკს, არც საპენსიო ფონდს, არც სხვა ტიპის ინსტიტუტებს როგორიცაა სადაზღვევო და ასე შემდეგ. ბირჟა უნდა იყოს ბირჟა. საფონდო ბაზარიც უნდა იყოს საფონდო ბაზარი რომელიც დივერსიფიცირებულია მდგენელებს შორის როგორიცაა, საბანკო სექტორი, საპენსიო, სადაზღვევო, საფონდო. ქვეყნის შიგნით საფინანსო სექტორი სულ ღაფავს, საგარეო ნაწილში კი სამად სამი კომპანიაა და მაგათაც პრობლემები ექმნებათ ქვეყნის შიგნით გატარებული პოლიტიკის გამო,“- განაცხადა გერლიანმა.
რამაზ გერლიანმა პრივატიზაციის აუცილებლობაზე და აქტივების კერძო სექტორის ხელში გადასვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა, იმისთვის რომ ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა ფინანსურ ბაზარზე უფრო აქტიურად გავიდეს,
„არცერთი საბაზრო ტიპის ქვეყანა არ იცნობს ისეთ ანომალიას, როდესაც ეკონომიკური აქტივების 70% სახელმწიფოს ხელშია თავმოყრილი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შირმა გვაქვს საბაზრო ეკონომიკის შინაარსობრივად ისევ ვრჩებით კომუნიზმში. ვიდრე აქტივები არ იქნება საქართველოს მოქალაქეების ხელში, მანამდე საბაზრო ეკონომიკა არ გვექნება და ყოველთვის შეექმნება როგორც პოლიტიკურ, ისე პიროვნულ თავისუფლებას საფრთხე. პოლიტიკური და პიროვნული თავისუფლების გარანტს ყოველთვის იძლევა ეკონომიკური თავისუფლება. “- აღნიშნა ეკონომისტმა.