საქართველოში სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაცია იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ტაჯიკეთის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს აბდუჯაბარ იუსუფზოდას შეხვდა. შეხვედრას ეროვნული სატყეო სააგენტოს და ტაჯიკეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ტყის მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს;
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველმა სპეციალისტებმა ტაჯიკელ კოლეგებს ტყის, ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და აგრომეტყევეობის მართვის მიმართულებით არსებული პრაქტიკა გააცნეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კოლეგების დაინტერესება იმ პრაქტიკით, რაც გვაქვს ტყის მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აგრომეტყევეობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატყეო სექტორი ყოველთვის გამოირჩეოდა რეგიონში. შემდეგ დარგმა საკმაოდ მძიმე ეტაპები გაიარა. 2013 წლიდან კი დაიწყო რეფორმები, რომლებიც სატყეო სექტორს აძლიერებს, ნერგავს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს და შედეგად, ჩვენი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს. სამინისტროს სისტემაში შემავალი თითოეული შესაბამისი უწყება ყოველწლიურად აუმჯობესებს საქმიანობას დასახული მიზნების მისაღწევად“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ნახანძრალი ტყის მასივსაც მოინახულებენ, სადაც საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრაქტიკას ადგილზე გაეცნობიან.
„ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტყეში აღდგენითი სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა და ჯამში 346 ათასამდე ნერგი დაირგო. ტყის მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მიზნით, განხორციელდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებიც. დელეგაციის წევრები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებსაც გაეცნობიან; ასევე, მოინახულებენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს.
სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ეწვევიან, სადაც სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიას დაათვალიერებენ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!