საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობისას ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს ცენტრის მიზნები და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი „ნატო-საქართველო 2025“ სწავლება. აღინიშნა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა.
„საქართველოში ვნახე საკმაოდ ბევრი მიღწევა. ოფიცრების, სერჟანტებისა და სამოქალაქო პირებისგან შემდგარი ჯგუფი აქტიურად მუშაობს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ JFTC-თან, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა, ბოგდან რიცერსკიმ.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პოლონეთში მდებარე ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC) თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სი ძინ პინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ამყარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები ამერიკა-ჩინეთის სახით