საქართველოში სამუშაო ასაკის მოსახლეობის თითქმის 30% უმუშევარი ან ეკონომიკურად არააქტიურია | კვლევა

საქართველოში სამუშაო ასაკის მოსახლეობის თითქმის 30% უმუშევარი ან ეკონომიკურად არააქტიურია. ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის საერთო კვლევაშია საუბარი.
კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო ძალა დიდწილად აუთვისებელია. ამჟამად, დასაქმების მაჩვენებელი 41.1%-ია, რაც საგრძნობლად დაბალია ევროკავშირის 69.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით.
გასული ათწლეულების განმავლობაში, სამუშაო ძალის დასაქმება, ყოველწლიურად, 1%-ზე ოდნავ მეტით მატულობს. ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 69%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც რეგიონში, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.
ძირითად მიზეზებად მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების სიმცირე და კომპანიის მოთხოვნებისა და სამუშაო ძალის უნარებს შორის აცდენა სახელდება. მეორეს მხრივ, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა.
კვლევის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ცალსახა შემაფერხებელი ფაქტორი განათლების სფეროს მიერ შეთავაზებულ უნარებსა და კერძო სექტორის მოთხოვნებს შორის შეუთავსებლობაა. მაგალითად, მაგისტრის ხარისხის მქონე სამუშაო ძალის დაახლოებით 40% და ბაკალავრის დიპლომის მქონე დაახლოებით 50% იმაზე მაღალ კვალიფიკაციას ფლობს, ვიდრე იმ საშუალო და დაბალი დონის პოზიციებისთვისაა საჭირო, რომლებზეც საქმდებიან.
კვლევა არსებული სიტუაციის მოგვარების გზად დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, განათლების სისტემის გარდაქმნას მიიჩნევს.