საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა და შემოსავლები გაიზარდა

საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 265 სამაცივრე მეურნეობაა ქვეყანაში, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 228 იყო.
ამჟამად მოქმედი სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა (68.3%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. თბილისში – 12.8%-ია, ქვემო ქართლის რეგიონში 4.9%, იმერეთის რეგიონში 3.8%, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 3%, აჭარის ა.რ.-ში – 2.6%, კახეთის რეგიონში – 2.6%, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – 1.1%, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 0.4% და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშიც 0.4%.
2025 წლის I კვარტალში მომსახურება გაეწია 330 მომხმარებელს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს მცირედით აჭარბებს (324).
საქსტატის მონაცემებით, წელს მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 505 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 315 კაცით განისაზღვრა, გასულ წელს კი დასაქმებული უფრო მეტი – 1339 ადამიანი იყო.
რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობებში შენახულ პროდუქციას, 2025 წლის I კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 83.4 ათასი ტონა პროდუქცია (2024 წლის I კვარტალში – 89.7 ათასი ტონა), მათ შორის 38.7% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.6% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.9% – ხილი და ბოსტნეული, 16.1% – თევზეული, 3.6% – რძის პროდუქტები და 5.0% – სხვა პროდუქტები.
ამასთან, 2025 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 18.6%-ს – საკუთარი წარმოების, 24.3%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 57.1%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა.
ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.4 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შემოსავალი 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია 400 000 ლარით.
გარდა ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 128.1 მლნ ლარის ღირებულების (22.0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 31.2% , საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 22.0 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 46.8%.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 52.6% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (41.9%), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (25.3%), და თევზეულზე (9.1%) მოდის.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 2.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.1%-ს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.2%-ს, თებერვალში – 46.9%-ს, ხოლო მარტში – 39.8%-ს.