საქართველოში საზღვარზე შექმნილი პრობლემების ფონზე, სომხეთში თხევადი გაზი 40%-ით გაძვირდა

თხევადი გაზი, რომელსაც სომხეთში ავტომობილთა ძირითადი ნაწილი იყენებს, ბოლო დღეებში 40%-ზე მეტით გაძვირდა, რასაც სექტორი LPG-ის საქართველოს გავლით დან იმპორტთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირებს – ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” სომხეთის ბიურო წერს.
როგორც თხევადი გაზის იმპორტიორი სომხურ კომპანიებში აცხადებენ, პროდუქტით დატვირთული ასობით მანქანა საქართველო-სომხეთის საზღვარზე ქართულ მხარეს ჰყავს გაჩერებული უცნობი მიზეზებით.
“ჩემი მძღოლები 8-9 დღეა გაჭედილები არიან. არანაირი ნიშანი არ გვაქვს, რომ ქართველები გამოატარებენ”, – განუცხადეს “რადიო თავისუფლებას” ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც დაადასტურეს, რომ საუბარია 500-მდე სატვირთოზე.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მინისტრის ერთადერთი ოფიციალური განცხადება იტყობინებოდა, რომ ორშაბათს სომხეთში თხევადი გაზით დატვირთული 44 სატვირთო შევიდა, შაბათ-კვირის განმავლობაში კი – 99. გევორგ პაპოიანმა ისიც აღნიშნა, რომ თხევადი გაზი კიდევ უფრო გაძვირდებოდა, ქვეყანაში ამ რაოდენობის საწვავის შეტანაც რომ ვერ მოეხერხებინათ.
შეფერხებაზე არ საუბრობს არც ქართული მხარე. “რადიო თავისუფლება” წერს, რომ საქართველომ გაზაფხულზე უკვე შეაფერხა სომხეთიდან კონიაკის მრავალმილიონ დოლარიანი ექსპორტი რუსეთის მიმართულებით, როდესაც ალკოჰოლური სასმელების ფიზიკური შემოწმება დაიწყო. შედეგად, სომხური კონიაკით დატვირთული არაერთი სატვირთო ავტომობილი საქართველოში შეყოვნდა.
გასულ თვეს თბილისსა და ერევანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც სატრანზიტო გართულებებიც უნდა აღმოეფხვრა. მიუხედავად ამისა, კონიაკის მწარმოებლები საქართველოს გავლით რუსეთში პროდუქტის გატანის გამოწვევებზე კვლავ საუბრობენ.
საქმე ისაა, რომ მაისში ერევანში საქართველოს საელჩოსთან კონიაკის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი საქართველოში საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხანგრძლივი კონტროლის პროცედურებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ დროში გაწელილი პროცესი მათ ფინანსურ ზარალს აყენებთ. სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი მაშინ აცხადებდა, რომ საქართველოს საბაჟოზე სომხური კონიაკით დატვირთული მანქანების დიდი ხნით გაჩერების საკითხზე, სომხეთის ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და ევრაზიულ კავშირს უნდა მიმართონ, რადგან ქართული მხარიდან პრობლემის გადაჭრის ნაბიჯებს ვერ ხედავს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სომხეთში კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს.